ბრიუსელში ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალი იმართება
ბრიუსელში ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალი იმართება

ბრიუსელში ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალი იმართება.

როგორც შეხვედრის დაწყებისას ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, მოკავშირე ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები განიხილავენ უკრაინის, ახლო აღმოსავლეთის, დასავლეთ ბალკანეთის, ჩინეთისა და სამხრეთ სამეზობლოს საკითხებს. ასევე გაიმართება ნატო-უკრაინის საბჭოს სხდომა, რომელშიც უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება მიიღებს მონაწილეობას.

იენს სტოლტენბერგი მიესალმა ღაზაში ისრაელსა და „ჰამასს“ შორის საბრძოლო მოქმედებებში პაუზის გახანგრძლივებას.

„დღეს და ხვალ ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრები უსაფრთხოების სხვადასხვა აქტუალურ საკითხებს განიხილავენ. მათ შორის ახლო აღმოსავლეთში არსებულ სიტუაციას. მივესალმები ღაზაში საბრძოლო მოქმედებებში პაუზის გახანგრძლივებას. ამან ღაზის მოსახლეობისთვის ასე საჭირო დახმარების მიწოდების და ასევე მძევლების გათავისუფლებისა და მეტი ჰუმანიტარული დახმარების შეტანის საშუალება მოგვცა“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

რაც შეეხება უკრაინის საკითხს, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ მოსალოდნელია უკრიანული ქალაქების წინააღმდეგ მეტი თავდასხმები, ამიტომ ნატოს მხრიდან უკრაინის მხარდაჭერა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია.

„რა თქმა უნდა, განვიხილავთ სიტუაციას უკრაინაში. ჩვენ ვხედავთ ინტენსიური ბრძოლებს ფრონტის ხაზის გასწვრივ და ჩვენ ვხედავთ უკაინული ქალაქების წინააღმდეგ დრონებით თავდასხმების ტალღას. ჩვენ უნდა ვიყოთ მზად მეტი ბრძოლისთვის და ასევე მეტი საჰაერო და სარაკეტო დარტყმებისთვის უკრაინული ქალაქების წინააღმდეგ. ეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის ნატოს მოკავშირეების მხრიდან უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელებას და მე მივესალმები მოკავშირეების მიერ ბოლო დროს გამოცხადებულ დამატებით დახმარებას“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

მისი თქმით, გერმანიამ უკრაინის მხარდასაჭერად რვა მილიარდი ევროს, ხოლო ნიდერლანდებმა – ორი მილიარდი ევროს გამოყოფის შესახებ განაცხადეს.