ბრიუსელში დღეს ევროკავშირის ლიდერების არაფორმალური შეხვედრა გაიმართება, რომელზეც ისინი 23-26 მაისს გამართული ევროპარლამენტის არჩევნების შედეგებს განიხილავენ და ევროკავშირის ინსტიტუტების ახალი ხელმძღვანელების არჩევის საკითხზე იმსჯელებენ. დონალდ ტუსკი იმედოვნებს, რომ კანდიდატებთან დაკავშირებით კონსულტაციები ივნისში დასრულდება. თუმცა, დასავლური მედიის ინფორმაციით, ევროკომისიის პრეზიდენტის კანდიდატურის არჩევის პროცესთან დაკავშირებით, ევროკავშირის ლიდერებს შორის აზრთა სხვადასხვაობაა. გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი მიიჩნევს, რომ ევროკომისიას ევროპარლამენტის არჩევნებში გამარჯვებული პარტიის წარმომადგენელმა უნდა უხელმძღვანელოს.
„ჩვენ გვინდა, რომ გადაწყვეტილება რაც შეიძლება მალე ვიპოვოთ იმის გათვალისწინებით, რომ პარლამენტი შეიკრიბება ივნისის დასაწყისში და ბუნებრივია, სასურველია, ამ დროისთვის ევროკავშირის საბჭოს მხრიდან შეთავაზება უკვე იყოს“, – აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.
როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, ევროკომისიის პრეზიდენტობის კანდიდატის შერჩევის არსებულ პრინციპს ეწინააღმდეგება საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი. საფრანგეთის პრეზიდენტს სურს, რომ ევროკომისიის პრეზიდენტის შერჩევაში მონაწილეობდნენ ლიბერალი ცენტრისტები, რომლებიც ევროპარლამენტში სიდიდით მესამე ძალა იქნებიან და რომლებსაც მაკრონის პარტია განეკუთვნება.
ევროკომისიის პრეზიდენტ ჟან-კლოდ იუნკერს უფლებამოსილების ვადა 31 ოქტომბერს ეწურება. როგორც სააგენტო „ბლუმბერგი“ წერს, ჟან-კლოდ იუნკერის გარდა, ევროკავშირის ლიდერები უნდა შეთანხმდნენ ევროპის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელის კანდიდატურაზე.
შეგახსენებთ, 23-26 მაისს გამართული ევროპარლამენტის არჩევნების შედეგების თანახმად, „ევროპის სახალხო პარტიამ“ 36 ადგილი დაკარგა. მას ახალ პარლამენტში 180 მანდატი ექნება. მემარცხენე-ცენტრისტულმა სოციალისტებისა და დემოკრატების ალიანსმა კი 39 მანდატი დაკარგა და ჯამში 146 ადგილს მიიღებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ზემოთ ხსენებულ ორ პარტიას ევროპარლამენტში კოალიციის ჩამოსაყალიბებლად დამატებითი ძალა დასჭირდება.