ბრიუსელში დღეს ევროკავშირის ორდღიანი სამიტი იხსნება
ბრიუსელში დღეს ევროკავშირის ორდღიანი სამიტი იხსნება

ბრიუსელში დღეს ევროკავშირის ორდღიანი სამიტი იხსნება. მთავარი განსახილველი საკითხი ბრექსიტია, ასევე – ევროკომისიის ახალი შემადგენლობის მუშაობის ერთი თვით გადავადება, თურქეთის ოპერაცია სირიაში და ალბანეთთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები.

გეგმის თანახმად, ბრექსიტის განახლებულ პირობებზე შეთანხმება სამიტისთვის უნდა მიღწეულიყო, რათა ევროკავშირის ლიდერებს შეთანხმების ტექსტი დაემტკიცებინათ. იმის მიუხედავად, რომ ლონდონსა და ბრიუსელს შორის მოლაპარაკებები გვიან ღამითაც გრძელდებოდა, შეთანხმების მიღწევა ამ დრომდე ვერ ხერხდება. ბრიუსელში ბრექსიტთან დაკავშირებით მოლაპარაკებები ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში თითქმის უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა.

სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში ქურთების წინააღმდეგ თურქეთის სამხედრო ოპერაცია სამიტზე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხია. როგორც ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა, ანდრეი ბაბიშმა განაცხადა, ის აპირებს, რომ სამიტზე თურქეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების საკითხი დააყენოს.

რაც შეეხება ევროკომისიის ახალ შემადგენლობას, ევროპარლამენტში მოსმენებზე, ევროდეპუტატებმა რუმინეთისა და უნგრეთის კანდიდატურებს მხარი არ დაუჭირეს, რამაც ევროკომისრების დამტკიცების პროცესი გააჭიანურა. ახალი ევროკომისიის მუშაობის დაწყების ვადამ პირველ დეკემბრამდე გადაიწია.

დატოვე კომენტარი