ბრიუსელში დღეს ევროკავშირის ლიდერების სამიტი გაიმართება
ბრიუსელში დღეს ევროკავშირის ლიდერების სამიტი გაიმართება

ბრიუსელში დღეს ევროკავშირის ლიდერების სამიტი გაიმართება.

ორდღიანი სამიტის ფარგლებში ლიდერები ევროპის თავდაცვის გაძლიერებაზე ისაუბრებენ. მთავარი თემა კი უკრაინაში მიმდინარე ომი იქნება.

როგორც ევროპული საბჭოს პრესრელიზშია აღნიშნული, საუბარი ასევე შეეხება ვითარებას ახლო აღმოსავლეთში, მიგრაციასა და სოფლის მეურნეობის სექტორში არსებულ პრობლემებს.

„ევროკავშირი გააგრძელებს უკრაინის პოლიტიკურ, ფინანსურ, ეკონომიკურ, ჰუმანიტარულ, სამხედრო და დიპლომატიურ მხარდაჭერას იმდენი ხანი, რამდენიც საჭირო იქნება. ამ დრომდე ევროკავშირმა და მისმა წევრმა ქვეყნებმა 138 მილიარდი ევროს მხარდაჭერა აღმოუჩინეს უკრაინას“, – ნათქვამია ევროპული საბჭოს პრესრელიზში.

როგორც ცნობილია, სამიტზე ასევე განხილული იქნება ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკა, უფრო კონკრეტულად კი, საუბარი შეეხება უკრაინას, მოლდოვასა და ბოსნია-ჰერცეგოვინას.