ბრიტანული პრესა - რუსეთის ოლიმპიური გუნდი უფსკრულის პირასაა
ბრიტანული პრესა - რუსეთის ოლიმპიური გუნდი უფსკრულის პირასაა

სულ უფრო რეალური ხდება რუსეთის ოლიმპიური ნაკრების მოკვეთა 2018 წლის ზამთრის ოლიმპიადიდან, რადგან მოსკოვის ანტისადოპინგო ლაბორატორიის ყოფილმა ხელმძღვანელმა გრიგორი როდჩენკოვმა ახალი მტკიცებულებები წარმოადგინა, რომელიც ადასტურებს, რომ რუსეთში მართლაც არსებობდა დოპინგის მხარდაჭერის სახელმწიფო სისტემა, – ამტკიცებს ბრიტანული გაზეთი Mail on Sunday.

ელოდებიან, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში გაქცეული როდჩენკოვი გამოაქვეყნებს ამ მონაცემებს იმ შემთხვევაში, თუ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის კომისიები დენის ოსვალდისა და სამუელ შმიდის ხელმძღვანელობით, რუსეთს პიონჩანგის თამაშებში მონაწილეობის ნებას დართავენ.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, ოსვალდის კომისიამ  ექვს რუს მოთხილამურეს – ალექსანდრ ლეგკოვს, ევგენი ბელოვს, მაქსიმ ვილეგჟანინს, ალექსეი პეტუხოვს, ევგენი შაპოვალოვსა და იულია ივანოვას სანქციები გამოუტანა. მათ სოჭში 2014 წელს მოპოვებული ოლიმპიური მედლები ჩამოართვეს და სამუდამოდ აუკრძალეს ოლიმპიადებზე გამოსვლა. ამა წლის დეკემბრის დასაწყისში, შმიდის კომისიამ უნდა დაადასტუროს ან უარყოს რუსეთში დოპინგის მხარდაჭერის სისტემური ფაქტი, რის შემდეგაც მიიღებენ გადაწყვეტილებას რუსეთის ოლიმპიური ნაკრების მონაწილეობაზე 2018 წლის ზამთრის თამაშებში.