ბრიტანული პრესა - ახალი ტურნირი საქართველოს მარგინალიზებას უწყობს ხელს
მსოფლიო რაგბის შემოთავაზება ახალი საერთაშორისო ტურნირის გამართვის თაობაზე ზოგიერთი წამყვანი მოთამაშის მხრიდან წინააღმდეგობას გადააწყდა. სპორტის ამ სახეობის მმართველ ორგანოს სურს, ჩრდილოეთ და სამხრეთ ნახევარსფეროების გაერთიანება და 12-გუნდიანი ლიგის შექმნა, რომლის პირველი ჩემპიონატი 2020 წელს დაიწყება. ეს მოიტანს მეტ საერთაშორისო მატჩს, თუმცა ირლანდიელი ჯონი სექსტონი და ინგლისის კაპიტანი ოუენ ფარელი მსგავს იდეას არ იწონებენ.
„ეს გეგმა ვერანაირად ვერ გამოასწორებს უკვე არსებულ რთულ სიტუაციას“, – აცხადებს ფარელი. – „მოთამაშეები ნამდვილად მზად ვართ ახალი გლობალური სეზონის განსახილველად, მაგრამ ეს უნდა შეესაბამებოდეს საკლუბო ტურნირებსა და მოთამაშეების კეთილდღეობას, რაც ამ შემოთავაზებაში არ ჩანს“.
მსოფლიო რაგბიში აცხადებენ, რომ მოთამაშეების წინააღმდეგობა გასაკვირია, რადგან საკითხი ჯერ განხილვის პროცესშია.
ბი-ბი-სი (BBC) აღნიშნავს, რომ ზემოხსენებული იდეა მოიცავს მხოლოდ 12 ეროვნულ ნაკრებს, რის შედეგადაც წყნარი ოკეანის კუნძულების გუნდები და საქართველო მარგინალიზებულნი რჩებიან.