ბრიტანული პორტალი „სელტიკს“ არველაძეს ურჩევს – ქართველის აგენტის ვინაობა მის პოტენციალზე მეტყველებს
პოლონურმა „კორონამ“ და გლაზგოს „სელტიკმა“ პარტნიორობა გადაწყვიტეს და შესაბამისი მემორანდუმიც გააფორმეს.
ბრიტანული ონლაინპორტალი hitc-ი წერს, რომ ამ თანამშრომლობით შესაძლოა, შოტლანდიურ კლუბში ქართველი ფეხბურთელი ვატო არველაძე მოხვდეს, მას კი პოლონურ კლუბში ყველაზე ნიჭიერ ახალგაზრდას უწოდებს.
„სელტიკმა“ უნდა გამოიყენოს „კორონასთან“ კავშირი, შოთა არველაძის ძმისშვილი რომ დაიმატოს“, – ამ სათაურით აქვეყნებს გამოცემა hitc-ი ინფორმაციას პოლონური „კორონას“ ქართველ ფეხბურთელზე.
„შოტლანდიის პრემიერლიგის ჩემპიონმა პოლონეთის ექსტრაკლასას გუნდთან პარტნიორობა დაიწყო, მაგრამ ვის გაუფორმებს კონტრაქტს „სელტიკის“ მენეჯერი ნილ ლენონის? შოტლანდიის პრემიერლიგის კლუბები უკვე კონკურენციას ინგლისის საშუალოდ დონის კლუბებსაც ვეღარ უწევენ. ამიტომ გლაზგოელები იძულებულები არიან, სატრანსფერო ბაზარზე არასტანდარტულად იმოქმედონ. ალბათ ეს ფაქტორი ახსნის, თუ რატომ გააფორმა შოტლანდიური ლიგის ლიდერმა კონტრაქტი პოლონურ კლუბთან. ვინ შეიძლება „კორონას“ ამჟამინდელ მოთამაშეებში გლაზგოელებისთვის საინტერესო იყოს? შესაძლოა, ვატო არველაძე. გერმანიაში დაბადებული თავდამსხმელ „კორონას“ ყველაზე პერსპექტიული ახალგაზრდაა. მის პოტენციალზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ არველაძემ უკვე ითამაშა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში, მისი მენეჯერი კი სუპერაგენტი მინო რაიოლაა“, – წერს გამოცემა.