ბრიტანული გამოცემა ჩაკვეტაძის ტრანსფერზე - „ვესტ ჰემს“ 5-6 მილიონის გადახდა არ გაუჭირდება
გიორგი ჩაკვეტაძის მიმართ ლონდონის „ვესტ ჰემის“ დაინტერესებას ბრიტანული გამოცემა sportwitness გამოეხმაურა, რომელიც ამტკიცებს, რომ ინგლისურ კლუბს „ტრაბზონთან“ შედარებით ფინანსური ურპირატესობა გააჩნია.
„ბელგიური „გენტის“ 20 წლის მოთამაშე ჩაკვეტაძე „ტრაბზონსპორის“ მთავარი სამიზნეა და თურქეთის სუპერ ლიგის კლუბი ზაფხულში მის დამატებას შეეცდება, მაგრამ ისინი „ვესტ ჰემ იუნაიტედის“, „ბორდოსა“ და „რომას“ კონკურენციას წააწყდნენ. თურქული გუნდისთვის ასეთ პირობებში რთული იქნება კონტრაქტის გაფორმება, რადგან „ვესტ ჰემის“ მხრიდან გამოცხადებული ინტერესი ყველაფერს ცვლის – „ჩაქუჩებს“ („ვესტ ჰემის“ ზედმეტსახელია) ფინანსური უპირატესობა გააჩნიათ. ეს თურქეთის ლიგის ლიდერის ამოცანას ართულებს. ამის გამო, „ტრაბზონსპორი“ ცდილობს, რომ სწრაფად იმოქმედოს. თურქები ელიან, რომ „გენტი“ შეამცირებს სატრანსფერო ფასს, რაც დაახლოებით 5-6 მილიონი ევროა. ამ თანხის გადახდა კი „ვესტ ჰემისთვის“ პრობლემას არ წარმოადგენს“, – წერს გამოცემა.
მიმდინარე სეზონში, ჩაკვეტაძემ ბელგიურ გუნდში 12 მატჩი ჩაატარა და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა. 20 წლის ფეხბურთელმა საქართველოს ნაკრებში 7-ჯერ ითამაშა და 5 გოლი გაიტანა. გიორგი ჩაკვეტაძეს „გენტთან“ კონტრაქტი 2023 წლის ივნისის ბოლოს ეწურება.