ბრიტანეთში სოციალური შეზღუდვები წლის ბოლომდე შენარჩუნდება
ბრიტანეთში სოციალური შეზღუდვები წლის ბოლომდე შენარჩუნდება

ახალი კორონავირუსის გამო დიდ ბრიტანეთში დაწესებული სოციალური შეზღუდვები წლის ბოლომდე შენარჩუნდება. ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.

სამედიცინო საკითხებში დიდი ბრიტანეთის მთავრობის მთავარი მრჩეველი, პროფესორი კრის უიტი აცხადებს, რომ ბრიტანეთს სულ მცირე წლის ბოლომდე მოუწევს ზოგიერთი შემზღუდავი სოციალური ზომის ფონზე ცხოვრება.

პროფესორ კრის უიტის თქმით, აბსოლუტურად არარეალისტურია იმის მოლოდინი, რომ ქვეყანა მოულოდნელად ცხოვრების ჩვეულ სტილს დაუბრუნდება. მან ასევე განაცხადა, რომ გრძელვადიან პერიოდში იდეალური გამოსავალი მეტად ეფექტიანი ვაქცინით ან პრეპარატით ამ დაავადების მკურნალობა იქნებოდა. თუმცა, მან მოსახლეობა გააფრთხილა, რომ მომდევნო კალენდარულ წელს ვაქცინის ან პრეპარატის გამოჩენის შანსები ძალზე მცირეა.

„ეს დაავადება არც აღმოიფხვრება და არც გაქრება. ამდენად, ფაქტად უნდა მივიღოთ ის გარემოება, რომ გლობალურად მოგვიწევს დაავადებასთან ერთად მუშაობა პროგნოზირებად მომავალში“, – განაცხადა მან კორონავირუსის საკითხებზე გამართულ ყოველდღიურ სამთავრობო ბრიფინგზე.

უახლესი მონაცემებით დასტურდება, რომ ვირუსმა დამატებით 759 ადამიანი შეიწირა დიდი ბრიტანეთის საავადმყოფოებში, რითაც გარდაცვლილთა ჯამური რაოდენობა 18 100 ადამიანამდე გაზარდა.
პროფესორი უიტი დასძენს, რომ საზოგადოება პიკის შემდეგ არ უნდა ელოდოს კორონავირუსთან დაკავშირებული გარდაცვლილთა რაოდენობის უეცარ კლებას.

„გრძელვადიან პერიოდში ამ სიტუაციიდან გამოსავალი იდეალურ შემთხვევაში ორიდან ერთი იქნება – ვაქცინა, რომლის პრაქტიკული გამოყენების ბევრი გზა არსებობს… ან ძალზე ეფექტიანი პრეპარატი, რათა ხალხი აღარ კვდებოდეს ამ დაავადების გამო მაშინაც კი, როდესაც ვირუსი შეეყრებათ ან მოხდეს მოწყვლად მოსახლეობაში ამ დაავადების პრევენცია“, – აცხადებს პროფესორი.

ბრიტანელი პროფესორი აფრთხილებს მოსახლეობას, რომ მრავალი განსხვავებული გზა არსებობს იმისათვის, რომ კორონავირუსის ეპიდემიის შედეგად ადამიანების გარდაცვალება ან ჯანმრთელობის გაუარესება მოხდეს.

„კოვიდ-19“-ით გარდაცვლილ პირებთან ერთად, არის გარდაცვალების შემთხვევები, რომლებიც კორონავირუსს ირიბად უკავშირდება, რადგან ჯანდაცვის ეროვნულ სისტემას მოუწია ამ ეპიდემიაზე გადართვა და ამის გამო არჩევითი პროცედურები და სკრინინგი შემცირდა.

„ამდენად, ძალიან სერიოზულად უნდა დავფიქრდეთ ამაზე. როგორ შეიძლება, საუკეთესოდ დაბალანსდეს ზომები, რათა საუკეთესო შედეგი მივიღოთ საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში“, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის მთავრობის მრჩეველმა. მისი აზრით, მინისტრებს მოუწევთ შეზღუდვების სანაცვლოდ სწორი შეთავაზებების გაკეთება.

როგორც ჯანდაცვის საკითხების სფეროში „ბიბისის“ ანალიტიკოსი ჰიუ პიმი აღნიშნავს, სამედიცინო საკითხებში მთავრობის მთავარმა მრჩეველმა და სხვა ექსპერტებმა ხშირად ახსენეს, რომ ერთადერთი უსაფრთხო და გრძელვადიანი გზა კორონავირუსის ეპიდემიიდან გამოსვლისთვის ვაქცინის ან ქმედითი პრეპარატის აღმოჩენაა. ამიტომ, პროფესორ უიტის ბოლო კომენტარები დიდი მოულოდნელობა არც ყოფილა, თუმცა ცივ წყალს ასხამს ნებისმიერ იდეას იმის თაობაზე, რომ დაწესებული შეზღუდვები სრულად მოიხსნება ზაფხულში ან თუნდაც შემოდგომაზე. ნაკლებად სავარაუდოა, ვაქცინა და პრეპარატი მომდევნო წლამდე გახდეს ხელმისაწვდომი და პროფესორ უიტის აზრით, მანამდე სოციალური დისტანცირების გარკვეული ფორმაა საჭირო. თუმცა, „ბიბისის“ ექსპერტის მოსაზრებით, ეს ნამდვილად არ გულისხმობს იმას, რომ ვაქცინის ან პრეპარატის გამოგონებამდე ყველა არსებული შეზღუდვა შენარჩუნდეს. სკოლებმა, ბიზნესის ნაწილმა და საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა შეიძლება, მუშაობა განაახლონ არც თუ ისე შორეულ მომავალში. ლუდხანები და რესტორნები ამ სცენარით ალბათ გასახსნელი ობიექტების ჩამონათვალის ბოლოს მოექცევა.