ბრიტანეთში კოსმოსური სარდლობის ცენტრი გაიხსნა
ბრიტანეთში კოსმოსური სარდლობის ცენტრი გაიხსნა

ბრიტანეთში კოსმოსური სარდლობის ცენტრი გაიხსნა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

ცენტრის გახსნა, გასული წლის ნოემბერში ქვეყნის პრემიერ-მინისტრის საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში განხორციელდა. ოთხი წლის განმავლობაში ცენტრს ბრიტანეთის თავდაცვის დეპარტამენტი 16 მილიარდ ფუნტ სტერლინგს გამოუყოფს საკუთარი ბიუჯეტიდან.

ცენტრის შემადგენლობაში ბრიტანეთის სამხედრო საჰაერო ძალების ექვსი ოფიცერი და აშშ-ის არმიის ერთი ოფიცერი შედიან. გარდა ამისა, ცენტრში ერთობლივად სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო ძალების სპეციალისტები იმუშავებენ. ცენტრის ხელმძღვანელად ავიაციის ვიცე-მარშალი, პოლ გოდფრი დაინიშნა.

ბრიტანეთი ცენტრის გამოყენებას კოსმოსიდან მომავალი საფრთხეების გამოსავლენად გეგმავს. გარდა ამისა, კოსმოსური ცენტრის საშუალებით სამხედრო-კომუნიკაციური თანამგზავრის „სქაინეთის“, რადიოლოკაციური სადგურის „ფლაინგდეილის“ და სხვა ობიექტების მართვა იგეგმება.

ამასთან, ბრიტანეთი მომავალი 10 წლის განმავლობაში კოსმოსური ძალების შექმნისთვის 1,4 მილიარდი ფუნტის გამოყოფასაც გეგმავს.

თვადაცვის მინისტრის მოადგილის, ჯერემი ქუინის განცხადებით, მეტოქე სახელმწიფოების მიერ კოსმოსური შესაძლებლობების გაზრდის ფონზე მნიშვნელოვანია, რომ ბრიტანეთმაც შეინარჩუნოს გადამწყვეტი საბრძოლო უპირატესობა ამ სწრაფად მზარდ სფეროში.

ბრიტანეთის საჰაერო ძალების უფროსის მაიკლ ვიგსტონის თქმით, ისეთი ქვეყნები, როგორიცაა რუსეთი და ჩინეთი ანტისატელიტურ იარაღებს ცდიან, რომლებიც კოსმოსში განთავსებული სატელიტების წინააღმდეგ არის მიმართული, რაც შემაშფოთებელია და საერთაშორისო საზოგადოებამ ყურადღება უნდა მიაქციოს ამ საკითხს. მისი თქმით, მომავლის კონფლიქტი შესაძლოა კოსმოსში არ დაიწყოს, თუმცა სავსებით შესაძლებელია, რომ კოსმოსიც მოიცვას. ვიგსტონის განცხადებით, ჩინეთი აგრძელებს ანტი-სატელიტური იარაღების შექმნას რაკეტებიდან და ლაზერული იარაღიდან დაწყებული, ელექტრონული დახშობის სისტემით დამთავრებული.

ბოლო პერიოდში, დიდი სახელმწიფოები სულ უფრო ბევრს ხარჯავენ კოსმოსში თავდაცვის სისტემის შესაქმნელად. 2018 წლის აგვისტოში, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კოსმოსური ძალების შექმნის ინიციატივით გამოვიდა. გარდა ამისა, ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა, მაიკ პენსმა განაცხადა, რომ რუსეთი და ჩინეთი საბრძოლო ლაზეულ იარაღს და ანტი-სატელიტურ რაკეტებს ქმნიან.

მიმდინარე წელს, აშშ-ის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ დიდ ბრიტანეთში გიგანტური რადარის აშენებას გეგმავს, რომელიც გლობალური სარადარო სისტემის ნაწილი უნდა გახდეს. სარადარო სისტემას შესაძლებლობა ექნება განსაზღვროს დედამიწიდან 36 ათასი კილომეტრის მანძილზე დაშორებული პოტენციური სამიზნეები, ანუ კოსმოსის იმ ადგილებში სადაც სამხედრო თანამგზავრების უმეტესობაა განთავსებული.

დატოვე კომენტარი