ბრიტანეთში კორონავირუსით ბოლო 24 საათში 315 ადამიანი გარდაიცვალა
ბრიტანეთში კორონავირუსით ბოლო 24 საათში 315 ადამიანი გარდაიცვალა

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით ბოლო 24 საათში 315 ადამიანი გარდაიცვალა. მსხვერპლთა საერთო რაოდენობამ ქვეყანაში 28 446-ს მიაღწია. შესაბამისი მონაცემები პრესკონფერენციაზე ბრიტანეთის მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენელმა, მაიკლ გოუვმა გაასაჯაროვა.

გოუვის განცხადებით, მომავალ კვირას მთავრობა წარადგენს ქვეყანაში დაწესებული შემზღუდავი ზომების შემსუბუქების ყოვლისმომცველ გეგმას. როგორც მთავრობის წარმომადგენელმა განაცხადა, ამჟამად მინისტრები პროფკავშირების წარმომადგენლებთან მუშაობენ გეგმაზე, რომელიც სხვადასხვა მომსახურების დაწესებულებისთვის რეკომენდაციებს მოიცავს.

„პრემიერ-მინისტრის ყოვლისმომცველი გეგმა განმარტავს, როგორ შეგვიძლია, ავამოძრაოთ ჩვენი ეკონომიკა, დავაბრუნოთ ბავშვები სკოლაში, ვიაროთ სამსახურებში უფრო უსაფრთხოდ და როგორ გავხადოთ სამუშაო ადგილებზე ყოფნა უფრო უსაფრთხო“, – განაცხადა მაიკლ გოუვმა.

თუმცა, როგორც ბრიტანეთის მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენელმა აღნიშნა, აკრძალვების შემსუბუქებამდე, მთავრობა უნდა დარწმუნდეს, რომ ამისთვის დაკმაყოფილებულია ყველა კრიტერიუმი, მათ შორის, ინფიცირების შემთხვევებისა და გარდაცვალების რიცხვის განუხრელი კლება.