ბრიტანეთის რუსეთისადმი ბოიკოტის მიუხედავად, ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის გეგმები უცვლელია. პარლამენტს ჯერჯერობით არ გადაუწყვეტია, რამდენად მართებული იქნება უმნიშვნელოვანესი საფეხბურთო ტურნირიდან – მსოფლიო ჩემპიონატიდან ინგლისის ნაკრების მოხსნა.
„ეს ფეხბურთელის კარიერაში უმნიშვნელოვანესი მომენტია. შესაძლოა, თითოეულ მათგანს ცხოვრებაში ერთხელ მიეცეს ამ ტურნირზე ასპარეზობის შანსი, ასე რომ, გადაწყვეტილების მიღება მარტივი არ არის.
ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ საფეხბურთო ასოციაციის და ნაკრების შეხედულება. სახელმწიფომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა მიიღოს ერთპიროვნული გადაწყვეტილება“, – განაცხადა ვუდკოკმა, რომელიც ლეიბორისტული პარტიის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრია.
საფეხბურთო ასოციაციის ყოფილმა ხელმძღვანელმა დევიდ დევისმა „რადიო 5“-თან საუბრისას აღნიშნა, რომ თუკი ნაკრების ეს გადაწყვეტილება თავად ინგლისის გარდა, ვინმეს ავნებდა, ის მას მხარს დაუჭერდა, თუმცა სამწუხაროდ, რეალობა სხვაგვარია.
სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლის გამო ბრიტანეთი რუსეთის უმაღლეს ხელისუფლებასთან ყველა დონის ურთიერთობას წყვეტს. იგეგმება რუსული ტელევიზიების ბრიტანული ეთერიდან მოხსნაც. ამ ვარიანტს აქტიურად განიხილავს „ოფკომი“, რომელმაც იმ რუსულ ტელევიზიას (RT), რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის ლიცენზიის მფლობელია, ოფიციალური წერილი გაუგზავნა.