ბრიტანეთმა და ევროკავშირმა ბრექსიტის შემდეგ მხარეებს შორის თანამშრომლობაზე შეთანხმების გეგმა მიიღეს
დიდმა ბრიტანეთმა და ევროკავშირმა ბრექსიტის შემდეგ მხარეებს შორის თანამშრომლობაზე შეთანხმების გეგმა მიიღეს. ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა.
„ევროკავშირის წევრ 27 სახელმწიფოს გაერთიანებასა და დიდ ბრიტანეთს შორის სამომავლო თანამშრომლობის შესახებ შედგენილი დეკლარაცია გავუგზავნე. ევროკომისიის ხელმძღვანელმა კი, მაცნობა, რომ დოკუმენტი როგორც მოლაპარაკებების, ისე პოლიტიკურ დონეზე მიიღეს“,- დაწერა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა მიკრობლოგ Twitter-ის პირად გვერდზე.
როგორც BBC იუწყება, აღნიშნული დოკუმენტი „ბრექსიტის“ შემდეგ ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შორის ვაჭრობის, უსაფრთხოებისა და სხვა საკითხებში თანამშრომლობას მოიცავს.
ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფო დიდი ბრიტანეთის გაერთიანებიდან გასვლის პირობებზე 19 ნოემბერს შეთანხმდა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერების სამიტი 25 ნოემბერს არის დაგეგმილი.