ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, რუსეთის იმ მოქალაქეებს შორის, რომლებიც სამშობლოს დატოვებას ცდილობს, უზრუნველყოფილი და განათლებული ხალხი სჭარბობს
ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, რუსეთის იმ მოქალაქეებს შორის, რომლებიც სამშობლოს დატოვებას ცდილობს, უზრუნველყოფილი და განათლებული ხალხი სჭარბობს

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, რუსეთის იმ მოქალაქეებს შორის, რომლებიც სამშობლოს დატოვებას ცდილობს, უზრუნველყოფილი და განათლებული ხალხი სჭარბობს.

ამის შესახებ ნათქვამია დიდი ბრიტანეთის მიერ „ტვიტერით“ გავრცელებულ ყოველდღიურ ინფორმაციაში, რომელიც უკრაინაში მიმდინარე ომს ეხება.

„ვლადიმირ პუტინის მიერ გამოცხადებული „ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაციიდან“ შვიდ დღეში, დაფიქსირდა ჯარში გაწვევისთვის თავის არიდების მსურველი მნიშვნელოვანი რაოდენობით რუსების მხრიდან ქვეყნის დატოვება. კონკრეტული ციფრები არ არის ცნობილი, თუმცა დიდი ალბათობით, ეს რიცხვი გადააჭარბებს რუსეთის მიერ 2022 წლის თებერვალში უკრაინაში შეჭრისთვის გაგზავნილი ძალების რაოდენობას. მათ შორის, ვინც ცდილობს რუსეთის დატოვებას, სჭარბობს, უკეთ უზრუნველყოფილი და განათლებული პირები. თუ მათ რაოდენობას დავამატებთ მობილიზებულ რეზერვისტებს, ხელმისაწვდომი სამუშაო ძალისა და ე.წ. ტვინების გადინების დაჩქარების გავლენა რუსეთის ეკონომიკაზე სავარაუდოდ სულ უფრო მეტად მზარდი გახდება“, – წერია დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ „ტვიტერით“ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ 21 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ქვეყანაში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა, რის შემდეგაც რუსეთის საზღვრებთან, მათ შორის საქართველოს საზღვარზეც, ქვეყნის დატოვების მსურველი რუსეთის მოქალაქეების გრძელი რიგები დადგა.