ბრიტანეთის შრომისა და პენსიის მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
ბრიტანეთის შრომისა და პენსიის მინისტრი თანამდებობიდან გადადგა

დიდი ბრიტანეთის შრომისა და პენსიის მინისტრი ემბერ რუდი თანამდებობიდან გადადგა. მან ასევე დატოვა „კონსერვატიული პარტია“. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია „სქაი ნიუსი“ ავრცელებს.

ემბერ რუდის გადადგომის მიზეზი პრემიერ-მინისტრის მიერ პარტიიდან 21 დეპუტატის გარიცხვა გახდა. ბორის ჯონსონმა 21 დეპუტატს კონსერვატიული პარტია იმის გამო დაატოვებინა, რომ მათ „ხისტი ბრექსიტის“ დაბლოკვის გეგმას მხარი დაუჭირეს. ბორის ჯონსონის აღნიშნულ გადაწყვეტილებას შრომისა დ პენსიის მინისტრმა, ემბერ რუდმა „პოლიტიკური ვანდალიზმის აქტი“ უწოდა.

„ჩემი კოლეგების გარიცხვამ პარტიას შორსმჭვრეტელი და თავდადებული კონსერვატორი დეპუტატები წაართვა. ვერ დავუჭერ მხარს პოლიტიკური ვანდალიზმის ამ აქტს“, – ნათქვამია ემბერ რუდის განცხადებაში.

ემბერ რუდი ასევე იკავებდა ქალთა და თანასწორობის საკითხებში მინისტრის თანამდებობას. ტერეზა მეის მთავრობაში ის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობდა. ასევე მუშაობდა ენერგეტიკისა და კლიმატური ცვლილებების საკითხებში სახელმწიფო მდივნად დევიდ ქემერონის კაბინეტში.