ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა თანამდებობა დატოვა
ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა თანამდებობა დატოვა

დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ემბერ რუდმა იმიგრაციის საკითხთან დაკავშირებული სკანდალის გამო თანამდებობა დატოვა.

პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეის მთავრობა კრიტიკის ქარცეცხლში მოჰყვა მას შემდეგ, რაც ერთა თანამეგობრობის ქვეყნებიდან წლების წინ ბრიტანეთის მიწვევით ჩასული მოსახლეობა შეცდომით არალეგალ მიგრანტებად მოიხსენიეს.

ტერეზა მეის პრესსპიკერს ჯერ ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა მთავრობის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა BBC-ს დაუდასტურა, რომ ემბერ რუდმა მინისტრის თანამდებობა დატოვა.

ბრიტანელი მინისტრები ორი კვირის განმავლობაში ცდილობდნენ აეხსნათ, თუ რატომ მიაკერეს ე.წ. ვინდრაშის თაობის წარმომადგენლებს, რომლებიც შრომის დეფიციტის შევსების მიზნით, ბრიტანეთის მთავრობამ 1948-1971 წლებში ქვეყანაში ჩაიყვანა, არალეგალი მიგრანტების სტატუსი.

ერთა თანამეგობრობაში შედის დიდი ბრიტანეთი და ყველა ის სახელმწიფო, რომელიც წარსულში ბრიტანეთის კოლონია, დომინიონი ან პროტექტორატი იყო. ასევე, ორგანიზაციის წევრია მოზამბიკი და რუანდა.