ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვამ უკრაინის მიერ ხერსონის ოლქში განხორციელებული კონტრშეტევა შეაფასა
ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვა უკრაინის მიერ ხერსონის ოლქში განხორციელებულ კონტრშეტევას აფასებს. ბრიტანული დაზვერვა აღნიშნავს, რომ 29 აგვისტოს დილიდან უკრაინის შეიარაღებული ძალების რამდენიმე ბრიგადამ გააძლიერა საარტილერიო დაბომბვები სამხრეთ უკრაინის ფრონტზე, ხოლო შორი მანძილიდან ზუსტი დარტყმები ხელს უშლიდა რუსეთის ჯარების შევსებას.
„უკრაინის მიღწევების მასშტაბის დადასტურება ჯერ არ არის შესაძლებელი“, – ნათქვამია დაზვერვის მიმოხილვაში.
დაზვერვა აღნიშნავს, რომ აგვისტოს დასაწყისიდან რუსეთი მნიშვნელოვან ძალისხმევას ახორციელებს თავისი ძალების გასაძლიერებლად ხერსონის რეგიონში დნეპრის დასავლეთ სანაპიროზე.
„სამხრეთ სამხედრო ოლქის 49-ე შეიარაღებული არმია სავარაუდოდ გაძლიერდა აღმოსავლეთის სამხედრო ოლქის 35-ე გაერთიანებული შეიარაღების არმიის შემადგენლობით. ხერსონის ირგვლივ განთავსებული ქვედანაყოფების უმეტესობა სავარაუდოდ არასაკმარისად არის დაკომპლექტებული და დამოკიდებულია არამდგრადი მიწოდების ხაზებზე, რომლებიც დნეპრის გასწვრივ განთავსებული საბორნე და პონტონური ხიდების მეშვეობით ხორციელდება. სამხრეთ სამხედრო ოლქისა და აღმოსავლეთის სამხედრო ოლქის ქვედანაყოფების ეს ინტეგრაცია უკრაინაში რუსული ძალების მნიშვნელოვან რეორგანიზაციაზე მიუთითებს“, – ნათქვამია მიმოხილვაში.
ბრიტანული დაზვერვის თანახმად, არსებობს დიდი შესაძლებლობა, რომ რუსეთმა გააუმჯობესა რამდენიმე ნახევრად დამოუკიდებელი ოპერატიული სარდლობის მართვა, რომელთა ქმედებები იყო მისი წარუმატებლობის მიზეზი შეჭრის დასაწყისში.
„თუ უკრაინა მოახერხებს ხანგრძლივი კონტრშეტევითი ოპერაციების დაწყებას, ამ სტრუქტურის ერთობლიობა სავარაუდოდ საკვანძო ფაქტორი იქნება სამხრეთში რუსეთის თავდაცვის მდგრადობისთვის“, – ნათქვამია ბრიტანეთის დაზვერვის ანგარიშში.