ჯერემი ჰანტი - საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირების ერთ-ერთი ხელისშემშლელი ფაქტორია
ჯერემი ჰანტი - საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირების ერთ-ერთი ხელისშემშლელი ფაქტორია

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯერემი ჰანტი 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას კრემლთან ურთიერთობის დარეგულირების ერთ-ერთ ხელისშემშლელ ფაქტორად მიიჩნევს. ამის შესახებ ჯერემი ჰანტმა ბრიტანულ ანალიტიკურ ინსტიტუტ Policy Exchange-ში გამართული პრესკონფერენციის დროს ისაუბრა.

გაერთიანებული სამეფოს პირველმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ რუსეთის ქმედებებიდან გამომდინარე, მასთან ურთიერთობის გაუმჯობესების შესაძლებლობა ძალიან მცირეა.

„ადრე ვფიქრობდი, რომ რუსეთს საერთაშორისო სამართლებრივი სისტემის ნაწილად ყოფნა სურდა. ჩვენ ძალიან მოხარულები ვიყავით, რომ რუსეთთან საბჭოთა კავშირისგან განსხვავებული ურთიერთობის შესაძლებლობა გვქონდა. თუმცა შემდეგ, 2008 წელს მოხდა საქართველოს ტერიტორიაზე შეჭრა, ამის შემდეგ, 2014 წელს ყირიმში შეჭრა. მოხდა რამდენიმე კიბერთავდასხმა. ამასთან ერთად, სოლსბერიში ქიმიური იარაღით თავდასხმა“, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

პრესკონფერენციის დროს ჯერემი ჰანტმა აღნიშნა, რომ დიდ ბრიტანეთს ძალიან სურდა, რუსეთი საერთაშორისო ურთიერთობების ძირითად წესებზე დაფუძნებულ სისტემას დაბრუნებოდა, თუმცა კრემლის ქმედებები საპირისპიროს ამტკიცებს.

„იძულებულები ვართ, ვთქვათ, რომ თუ რუსეთი მსგავს ქმედებებს გააგრძელებს, მას მაღალი საფასურის გადახდა მოუწევს“, – აღნიშნა დიდი ბრიტანეთის პირველმა დიპლომატმა ინტერვიუს დროს.