ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ რუსეთს სანქციები იმ შემთხვევაში შეიძლება, მოეხსნას, თუკი უკრაინიდან სამხედროებს გაიყვანს
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ლიზ ტრასის თქმით, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები შეიძლება, მოიხსნას, თუ რუსეთი უკრაინიდან სამხედროებს გაიყვანს. ამის შესახებ განცხადება ლიზ ტრასმა „დეილი ტელეგრაფთან“ ინტერვიუში გააკეთა.
ლიზ ტრასის თქმით, დიდი ბრიტანეთი და სხვა დასავლური ქვეყნები რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს ეკონომიკაზე ზეწოლისთვის და ვლადიმერ პუტინის დასასჯელად იყენებენ. ტრასის განცხადებით, შეზდუდვების მიზანია, აიძულოს რუსეთის პრეზიდენტი, შეწყვიტოს ომი უკრაინაში.
„რუსეთს ხელმოწერილი აქვს რამდენიმე შეთანხმება, რომელსაც არ ასრულებს. ამიტომ საჭიროა ხისტი ბერკეტების გამოყენება. სანქციები არის ასეთი ხისტი ბერკეტი. ეს სანქციები უნდა მოიხსნას მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტისა და რუსული ჯარის სრულად გაყვანის შემთხვევაში და ასევე ვალდებულებისა, რომ აგრესია არ განახლდება. ასევე, უნდა იყოს სანქციების ხელახლა დაწესების შესაძლებლობა, თუ აგრესია გაგრძელდება. ეს არის რეალურად ზემოქმედების ბერკეტი, რომელიც უნდა იყოს გამოყენებული“, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.