ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე რვა კანდიდატი დარეგისტრირდა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე რვა კანდიდატი დარეგისტრირდა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე რვა კანდიდატი დარეგისტრირდა. როგორც „ბიბისი“ წერს, ამის შესახებ კონსერვატიული პარტიის ჯგუფის სხდომაზე ე.წ. 1922 წლის კომიტეტის თავმჯდომარემ გრემ ბრედიმ გამოაცხადა.

დიდი ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის თავმჯდომარის და შესაბამისად, პრემიერ-მინისტრის პოსტზე საკუთარი კანდიდატურები წარადგინეს სოციალური განვითარების ყოფილმა მინისტრმა კემი ბადენოხმა, გენერალურმა პროკურორმა სუელა ბრევერმანმა, პარლამენტის წევრმა ჯერემი ჰანთმა, სავაჭრო პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პენი მორდონტმა, ყოფილმა ფინანსთა მინისტრმა რიში სუნაკმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრასმა, პარლამენტის წევრმა და საგარეო საქმეთა სპეციალური კომიტეტის თავმჯდომარემ ტომ ტუგენდჰათმა და ფინანსთა მინისტრმა ნადჰიმ ზაჰავიმ. მანამდე, საკუთარი კანდიდატურა მოხსნა ყოფილმა ჯანდაცვის მინისტრმა საჯიდ ჯავიდმა.

კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, კენჭისყრის პირველი რაუნდი ხვალ ჩატარდება. მანამდე პარლამენტის სხდომაზე პრემიერ-მინისტრობის თითოეული კანდიდატი სიტყვით გამოვა.

კენჭისყრაში კონსერვატორი დეპუტატები მიიღებენ მონაწილეობას. კონსერვატიულ პარტიას პარლამენტში 358 დეპუტატი ჰყავს. კანდიდატი, რომელიც კენჭისყრის პირველ რაუნდში კონსერვატორი დეპუტატების 30 ხმაზე ნაკლებს მიიღებს, რბოლიდან გამოირიცხება. 30 ხმას თუ ყველა კანდიდატი მოაგროვებს, გამოირიცხება ის, ვისაც ყველაზე ნაკლები ხმა ექნება. კენჭისყრის რაუნდები გაგრძელდება, ვიდრე ორი კანდიდატი არ დარჩება. ამის შემდეგ ჩატარდება კენჭისყრა, რომელშიც  დიდი ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის ყველა წევრი მიიღებს მონაწილეობას. „ბიბისის“ ცნობით, კენჭისყრის საბოლოო შედეგი და ახალი პრემიერ-მინისტრის ვინაობა 5 სექტემბერს გახდება ცნობილი.