დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა ბრექსიტის შეთანხმებას მხარი არ დაუჭირა
დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა ბრექსიტის შეთანხმებას მხარი არ დაუჭირა

დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა ბრექსიტის შეთანხმებას მხარი არ დაუჭირა, – ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. გადამწყვეტი კენჭისყრა ცოტა ხნის წინ დასრულდა.

ტერეზა მეის მიერ ბრიუსელში შეთანხმებულ გეგმას 202-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 432 კი წინააღმდეგი წავიდა.

კენჭისყრის შედეგებს ოპოზიციური ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა ჯერემი კორბინმა “კატასტროფული” უწოდა. მისი თქმით, ის მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხს დააყენებს კენჭისყრაზე.

უახლოეს საათებში, კენჭისყრის შედეგებთან დაკავშირებით განცხადებას პრემიერ-მინისტრი გააკეთებს.

შეგახსენებთ, რომ იმ კანონით ტერეზა მეის კიდევ სამი დღე აქვს იმისთვის, რომ პარლამენტს ბრექსიტის ახალი სამოქმედო გეგმა შესთავაზოს.

ბრიტანეთის პარლამენტში კენჭისყრის შედეგებს ევროკავშირის ლიდერებმა “სამწუხარო” უწოდეს და მოუწოდეს ბრიტანეთის მთავრობას, გაერთიანებული სამეფოს ევროკავშირიდან გასვლის პროცესის შესახებ მისი მომდევნო ნაბიჯები, რაც შეიძლება მალე განმარტოს.