ბრიტანეთის მთავრობამ რუსეთის 25 და საუდის არაბეთის 20 მოქალაქეს სანქციები დაუწესა
ბრიტანეთის მთავრობამ რუსეთის 25 და საუდის არაბეთის 20 მოქალაქეს სანქციები დაუწესა

დიდი ბრიტანეთის მთავრობამ 49 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას, ბოლო წლების განმავლობაში ადამიანის უფლებების დარღვევის გამო, სანქციები დაუწესა. სანქცია დაუწესდა რუსეთის 25 და საუდის არაბეთის 20 მოქალაქეს. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

„ბიბისის“ ინფორმაციით, იმ ადამიანებს, რომლებიც დაკავშირებულები არიან რუსი ადვოკატის, სერგეი მაგნიტსკის მკვლელობის საქმესთან დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე აქტივები გაეყინებათ და გაერთიანებულ სამეფოში შესვლა აეკრძალებათ.

ასევე, სანქციები დაუწესდათ საუდის არაბეთის იმ მოქალაქეებს, რომლებიც 2018 წელს ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობის საქმეში არიან ჩართულები.

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივნის, დომინიკ რააბის თქმით, ბრიტანეთის მთავრობის მიერ გადადგმული ეს ნაბიჯი მკაფიო გზავნილი იქნება.

„დღეს ეს მთავრობა ბრიტანელი ხალხის სახელით მკაფიო სიგნალს გზავნის, რომ ისინი, ვისაც ხელები სისხლში აქვთ გასვრილი, დესპოტები, დიქტატორების ხელქვეითები ამ ქვეყანაში თავისუფლად ვერ ივლიან“, – განაცხადა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივანმა.