ბრიტანეთი რუსი მაღალჩინოსნებისთვის სანქციების დაწესებაზე ევროპულ სახელმწიფოებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს
ბრიტანეთი რუსი მაღალჩინოსნებისთვის სანქციების დაწესებაზე ევროპულ სახელმწიფოებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს

დიდი ბრიტანეთი რუსეთის სადაზვერვო სამმართველოს რამდენიმე მაღალჩინოსნის წინააღმდეგ სანქციების დაწესების მიზნით, ევროპულ სახელმწიფოებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. ამის შესახებ The Times-ი, ქვეყნის დიპლომატიური უწყების წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.

ბრიტანული გამოცემის ცნობით, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან მოლაპარაკებები რამდენიმე თვის წინ სოლსბერიში მომხდარ შემთხვევას უკავშირდება, როდესაც დიდი ბრიტანეთის ქალაქში ყოფილი ორმაგი აგენტი, სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერება „ნოვიჩოკით“ მოწამლეს.

გამოცემის ცნობით, დიდი ბრიტანეთის შავ სიაში რუსეთის სადაზვერვო სამმართველოს რამდენიმე მაღალჩინოსანია შესული. როგორც ცნობილია, სანქციები შავ სიაში შესული პირებისთვის აქტივების გაყინვას და სავიზო აკრძალვებს ითვალისწინებს.

ლონდონს საფრანგეთისა და გერმანიის მხარდაჭერა უკვე აქვს. ამასთან, დიდი ბრიტანეთი მოლაპარაკებებს სხვა ევროპულ სახელმწიფოებთანაც აწარმოებს.

როგორც The Time-ი იუწყება, რუსეთის სადაზვერვო სამმართველოს მაღალჩინოსნებით დაკომპლექტებული შავი სია შესაძლოა, შემდეგ თვეში გამოქვეყნდეს, რაც სოლსბერიში  თავდასხმის საქმეზე მთავარი ეჭვმიტანილების ოფიციალურ დადასტურებად შეიძლება ჩაითვალოს.

რუსეთის სადაზვერვო სამმართველოსა და უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის რამდენიმე მაღალჩინოსნის წინააღმდეგ სანქციები უკვე მოქმედებს.

2016 წლის დეკემბერში სანქციები ამერიკის შეერთებულმა შტატებმა წინასაარჩევნო კამპანიის დროს რუსეთის მხრიდან ჰაკერული თავდასხმების გამო დააწესა.