ბრიტანელი პოლიტიკოსი, რომელიც ანექსირებულ ყირიმში ჩასვლას გეგმავდა, პარტიიდან გარიცხეს
ბრიტანელი პოლიტიკოსი, რომელიც ანექსირებულ ყირიმში ჩასვლას გეგმავდა, პარტიიდან გარიცხეს

დიდი ბრიტანეთის ლიბერტარიანული პარტიის თავმჯდომარის მოადგილე, ევროპარლამენტარი ბილ ერტრიჯი პარტიიდან გარიცხეს მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ის რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში ჩასვლას გეგმავდა. ბილ ერტრიჯს ნახევარკუნძულზე ბრიტანელი პოლიტიკოსებისა და ბიზნესმენების დელეგაციისთვის უნდა ეხელმძღვანელა. ამის შესახებ „ბი-ბი-სის“ რუსულ სამსახურს დიდი ბრიტანეთის ლიბერტარიანული პარტიის თავმჯდომარემ ენდრიუ უიზერზმა განუცხადა.

გასულ კვირას იალტის ეკონომიკური ფორუმის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ანდრეი ნაზაროვმა განაცხადა, რომ ბრიტანელი პოლიტიკოსები, ექსპერტები და მეწარმეები რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში ჩასვლას გეგმავენ.

როგორც მაშინ ნაზაროვმა აღნიშნა, დელეგაცია 15-წევრიანი იქნება და მას ბილ ერტრიჯი უხელმძღვანელებს.

ლიბერტარიანული პარტიიდან ასევე გარიცხეს ერტრიჯის სამდივნოს უფროსი, რომელიც ასევე გეგმავდა ყირიმში ჩასვლას.

ბილ ერტრიჯი წარსულში დიდი ბრიტანეთის მემარჯვენე-პოპულისტური „გაერთიანებული სამეფოს დამოუკიდებლობის პარტიის“ წევრი იყო. აღნიშნული პარტია იმიგრაციის შეზღუდვასა და ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლას უჭერს მხარს.

აღსანიშნავია, რომ ბილ ერტრიჯი ყირიმში 2017 წელს უკვე იმყოფებოდა.