„ბრექსიტმა“ გაერთიანებული სამეფო დაასუსტა – პოლონური კვლევითი ცენტრის ანგარიში
პოლონური კვლევითი ცენტრის მტკიცებით, დიდი ბრიტანეთი უფრო დაკნინებული და ინვესტორებისთვის ნაკლებად მიმზიდველი სახელმწიფო გახდა მას შემდეგ, რაც ამომრჩევლებმა ევროკავშირის დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს.
ვარშავაში დაფუძნებული კვლევითი ცენტრი „სობესკის ინსტიტუტი“ თავის ახალ ანგარიშში აღნიშნავს, რომ მართალია, ბრიტანეთი გადაურჩა ეკონომიკურ კოლაფსს, რომელსაც „ბრექსიტის“ ზოგიერთი კრიტიკოსი პროგნოზირებდა, მაგრამ 2016 წლის რეფერენდუმის შემდეგ, ქვეყნის ეკონომიკა უფრო დაბალი და შენელებული ზრდის ტრაექტორიაზე გადავიდა.
„დაკნინებული ძალა“
ანგარიშში, სახელწოდებით „დაკნინებული ძალა: 10 წელი „ბრექსიტის“ რეფერენდუმიდან“, ნათქვამია, რომ დღეს ბრიტანეთის ეკონომიკა უფრო მცირეა, ვიდრე იქნებოდა იმ შემთხვევაში, ქვეყანა ევროკავშირში რომ დარჩენილიყო.
დოკუმენტის მიხედვით, ბრიტანეთის სახელმწიფო ყოველწლიურად 75-დან 100 მილიარდ გირვანქა სტერლინგამდე შემოსავალს კარგავს, რაც ქვეყნის წლიური თავდაცვის ბიუჯეტის ტოლფასი თანხაა.
ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ ბრიტანეთის ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი 6-8 პროცენტით უფრო დაბალია, ვიდრე სხვა შემთხვევაში იქნებოდა.
ბიზნესინვესტიციები, სავარაუდოდ, 12-18 პროცენტით უფრო ნაკლებია, რაც, ავტორების თქმით, ნიშნავს ნაკლებ ქარხანას, ნაკლებ ახალ ტექნოლოგიას და გრძელვადიანი ზრდის უფრო სუსტ პერსპექტივებს.
ანგარიშის ავტორები პოლონეთს აძლევენ რეკომენდაციას, რომ ბრიტანეთთან პარტნიორობა თავისი ევროპული პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად აქციოს. ისინი ასევე მოუწოდებენ ვარშავასა და ლონდონს, ერთობლივად იმუშაონ იმისთვის, რომ დასავლეთის ყურადღება ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაზე დარჩეს ფოკუსირებული და ტრანსატლანტიკური კავშირების გაძლიერებაზე იყოს მიმართული.
ანგარიში მომზადდა „სობესკის ინსტიტუტის“ ექსპერტების მიერ, კომპანია Deloitte-თან და აკადემიური, ანალიტიკური და პოლიტიკური წრეების პოლონელ და ბრიტანელ ავტორებთან თანამშრომლობის ფარგლებში.
„თანდათანობითი დაკნინების ისტორია“
2016 წლის 23 ივნისს ბრიტანელმა ამომრჩევლებმა, ხმათა 51.9 პროცენტით 48.1 პროცენტის წინააღმდეგ, ევროკავშირის დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს. „ბრექსიტის“ მომხრეები ამტკიცებდნენ, რომ ევროკავშირიდან გამოსვლა ბრიტანეთს საკუთარ კანონებზე, საზღვრებსა და ეკონომიკურ პოლიტიკაზე კონტროლის აღდგენის საშუალებას მისცემდა.
ბრიტანეთმა ევროკავშირი ოფიციალურად 2020 წელს დატოვა.
„ბრექსიტი“ არ არის უეცარი კრახის ისტორია, ეს არის თანდათანობითი დასუსტების პროცესი“, – ამბობს ანგარიშის თანაავტორი, არკადი ჟეგოცკი.
„ბრიტანეთს არ დაუკარგავს სახელმწიფოებრიობა ან სტრატეგიული მნიშვნელობა, მაგრამ ეკონომიკურად უფრო შეკუმშულ, დასუსტებულ ძალად იქცა – დასძინა მან, – ბრიტანეთის ბოლო ათწლეულის გამოცდილება აჩვენებს, რომ XXI საუკუნეში ფორმალური სუვერენიტეტი უმსხვილეს ბაზრებსა და თანამშრომლობის საერთაშორისო ქსელებზე წვდომას ვერ ანაცვლებს“.

ანგარიშის თანახმად, „ბრექსიტის“ მთავარი ეკონომიკური გაკვეთილი არის ის, რომ ევროპული ინტეგრაციის სარგებელი მხოლოდ ბრიუსელის მიერ დაფინანსებით არ შემოიფარგლება. დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ ზრდა-განვითარება ევროკავშირის ერთიან ბაზარზე წვდომაზეც არის დამოკიდებული, რადგან ეს ბაზარი კომპანიებს წევრ სახელმწიფოებს შორის საერთო წესების ფარგლებში თავისუფლად ვაჭრობის შესაძლებლობას აძლევს.
ავტორების თქმით, ეს გაკვეთილი აქტუალურია პოლონეთისთვისაც, სადაც ევროკავშირში წევრობის შესახებ საჯარო დებატები ხშირად ევროგაერთიანების ბიუჯეტიდან მიღებულ თანხებზე ფოკუსირდება.
პოლონეთის გამდიდრებასთან ერთად, ევროკავშირის ბიუჯეტში მის მიერ შეტანილ და იქიდან მიღებულ სახსრებს შორის ბალანსი, სავარაუდოდ, შეიცვლება. ანგარიშის თანახმად, ბრიტანეთის გამოცდილება აჩვენებს, რომ ბაზრებზე წვდომა, ინვესტიციები და კაპიტალი, შესაძლოა, პირდაპირ ფინანსურ ტრანსფერებზე უფრო მნიშვნელოვანი იყოს.
ჟეგოცკიმ გასული ათწლეულის ერთ მოულოდნელ პოლიტიკურ შედეგზეც გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, პოლონეთსა და ბრიტანეთს შორის ურთიერთობებმა „ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე მჭიდრო სტრატეგიულ პარტნიორობის“ სახე მიიღო, რასაც საფუძვლად უსაფრთხოების რისკების საერთო აღქმა, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა და ინდუსტრიული კავშირები უდევს.
მისი თქმით, ბრიტანეთი პოლონეთს სულ უფრო მეტად აღიქვამს არა როგორც მიგრაციის წყაროდ, არამედ როგორც „კონტინენტის უსაფრთხოების ერთ-ერთ მთავარ პარტნიორად და თანაშემოქმედად“.