ბრედლი ბარკოლა ზაფხულში „პარი სენ-ჟერმენის“ დატოვებას არ გამორიცხავს #1TVSPORT
მას შემდეგ, რაც ზამთარში „პარი სენ-ჟერმენს“ ხვიჩა კვარაცხელია შეუერთდა, ბრედლი ბარკოლას როლი გუნდში მნიშვნელოვნად შემცირდა. ფრანგული მედიის ინფორმაციით, ახალგაზრდა გარემარბი უკმაყოფილოა არსებული ვითარებით და ზაფხულის სატრანსფერო „ფანჯრის“ დროს, შესაძლოა, ახალი გუნდის ძიება დაიწყოს.
ბარკოლამ სეზონის პირველი ნაწილი მაღალ დონეზე ჩაატარა, თუმცა „ნაპოლის“ ყოფილი ფეხბურთელის ტრანსფერმა მისი სათამაშო დრო მკვეთრად შეამცირა. გამოცემა „ეკიპის“ ცნობით, ფეხბურთელი ჯერაც ვერ ეგუება იმ ფაქტს, რომ კლუბმა მისი პოზიციის კიდევ ერთი მოთამაშე შეიძინა.
„პარი სენ-ჟერმენს“ ზაფხულში შეტევის ხაზის გაძლიერება სურს, რაც კიდევ უფრო ამცირებს ბარკოლას ძირითადში მოხვედრის შანსს.
ბრედლი ბარკოლა „ლიონის“ აკადემიის აღზრდილია და პარიზულ კლუბს 2023 წელს შეუერთდა. მიმდინარე სეზონში მან ყველა ტურნირზე 52 მატჩში ითამაშა, 18 გოლი გაიტანა და 17 საგოლე გადაცემა შეასრულა.