ბრძოლას შედეგი ყოველთვის მოაქვს - საქართველოს 21-წლამდე ნაკრები რუმინეთს დაუზავდა [ფოტო/ვიდეო] #1TVSPORT

საქართველოს 21-წლამდე ნაკრები რუმინეთის ქალაქ ვოლუნტარიში მასპინძელთა ახალგაზრდულ გუნდს დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში ფრეს მაიღწია.

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა წლის მეორე საერთაშორისო ამხანაგურ მატჩი რუმინეთთან ვოლუნტარის ანგელ იორდანესკუს სახელობის სტადიონზე ჩაატარა. მასპინძლები მე-17 წუთზე იანის სტოიკამ დააწინაურა.

მეორე ტაიმში საქართველოს ნაკრები უპირატესობას დაეუფლა, მშვენიერი ფეხბურთი აჩვენა და 72-ე წუთზე წონასწორობა აღადგინა. სწრაფი შეტევა გიორგი გულიაშვილმა უძლიერესი დარტყმით დააგვირგვინა – 1:1. საბოლოოდ, მატჩი ასეც დასრულდა და რამაზ სვანაძის გუნდმა საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა.

საქართველო და რუმინეთი 2023 წელს ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატს ერთად უმასპინძლებენ. აქედან გამომდინარე, ორივე ნაკრები შესარჩევ ეტაპებს გამოტოვებს და ავტომატურად ფინალურ ეტაპზე ითამაშებს.

საქართველოს ახალაგზრდულმა ნაკრებმა ევრო2023-ისთვის მზადება გაზაფხულზე ბელარუს თანატოლთა გუნდთან ამხანაგური მატჩით დაიწყო – 29 მარტს გორში გამართულ შეხვედრაში ჩვენმა ნაკრებმა მეტოქე 4:1 დაამარცხა.

საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა ისეთი ტემპი, ჟინი, ბრძოლისუნარიანობა და ორგანიზებული ფეხბურთი აჩვენა, ეროვნულ ნაკრებში რომ ვერ დავინახეთ. ფეხბურთელები დაცვიდან შეტევაში გადასვლას და პირიქით, შეტევიდან უკან დახევას კარგად ახერხებდნენ. რაც მთავარია, იბრძოდნენ და ამან შედეგი გამოიღო.

რუმინეთი U21 – საქართველო U21 1:1

გოლები: 1:0 ი. სტოიკა (17), 1:1 გულიაშვილი (72)

07.09.2021. ვოლუნტარი. ანგელ იორდანესკუს სახელობის სტადიონი.

საქართველო U21: მეგრელიშვილი, კაპანაძე, გელაშვილი, კალანდაძე, ხარაბაძე, ჯინჯოლავა, მექვაბიშვილი, ნონიკაშვილი, მოისწრაფიშვილი, გულიაშვილი, გაგუა

სათადარიგოები: ნანავა, ჩიკაშუა, ინჯგია, ჯანგიძე, სამსონია, გოჩოლეიშვილი, ჭავჭანიძე, ხარაიშვილი, მესიაჩენკო, გაგნიძე, შეყილაძე, ლომთაძე

მთავარი მწვრთნელი: რამაზ სვანაძე