ბრაზილიის ყოფილი პრეზიდენტი პატიმრობიდან გაათავისუფლეს
ბრაზილიის ყოფილი პრეზიდენტი პატიმრობიდან გაათავისუფლეს

ბრაზილიის ყოფილი პრეზიდენტი ლუის ინასიუ და სილვა საპატიმროდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

კორუფციაში მსჯავრდებულმა ლუის ინასიუ და სილვამ საპატიმროში 19 თვე გაატარა. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება სასჯელის აღსრულებაში შეტანილ ცვლილებას უკავშირდება, რომლის მიხედვითაც მსჯავრდებულს იმ შემთხვევაში აპატიმრებენ, თუ მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი სამივე ინსტანციის სასამართლოს აქვს გამოტანილი.

როგორც გერმანული გამოცემა იუწყება, საპატიმროდან გამოსვლის დროს ყოფილ პრეზიდენტს ასობით მხარდამჭერი დახვდა. მათ შორის იყვნენ და სილვას თანაპარტიელები. საპატიმროსთან შეკრებილებს პოლიტიკოსმა მიმართა და განაცხადა, რომ მოწინააღმდეგეებს იდეის თავისუფლების შეზღუდვა სურდათ და არა კონკრეტული პიროვნების დაკავება. ამასთან ერთად, ექსპრეზიდენტმა ამჟამინდელი პირველი პირი გააკრიტიკა. და სილვამ ჟაირ ბოლსონარუ და მისი მთავრობა მემარცხენე მოძრაობის კრიმინალიზებაში დაადანაშაულა.

ლუის ინასიუ და სილვა ბრაზილიის პრეზიდენტის თანამდებობას 2003-2011 წლებში იკავებდა. 2017 წელს მას ფულის გათეთრებისა და კორუფციის ბრალდების გამო, 9,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. მოგვიანებით, სასჯელი 12 წლამდე გაიზარდა. პოლიტიკოსი მის წინააღმდეგ წაყენებულ ყველა ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს, რომ მის დაკავებას პოლიტიკური სარჩული აქვს.