ბრაზილიის უსაფრთხოების მინისტრი აცხადებს, რომ კონგრესისა და სხვა სამთავრობო შენობების შტურმის შემდეგ სამართალდამცველებმა 1 500-მდე ადამიანი დააკავეს
ბრაზილიის უსაფრთხოების მინისტრი აცხადებს, რომ კონგრესისა და სხვა სამთავრობო შენობების შტურმის შემდეგ სამართალდამცველებმა 1 500-მდე ადამიანი დააკავეს

ბრაზილიის იუსტიციისა და უსაფრთხოების მინისტრი ფლავიო დინო აცხადებს, რომ ყოფილი პრეზიდენტის, ჟაირ ბოლსონარუს მომხრეების მიერ კონგრესისა და სხვა სამთავრობო შენობების შტურმის შემდეგ სამართალდამცველებმა 1 500-მდე ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ მინისტრმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

ფლავიო დინომ მოსახლეობას კონგრესის შტურმთან დაკავშირებით ნებისმიერი ინფორმაციის მიწოდებისკენ მოუწოდა.

როგორც იუსტიციის მინისტრმა პრესკონფერენციაზე აღნიშნა, კონგრესის შტურმის შემდეგ ფედერალურმა პოლიციამ 40 ავტობუსი დააკავა, რომელთაგან ერთ-ერთში ცეცხლსასროლი იარაღი აღმოჩნდა. ფლავიო დინომ განაცხადა, რომ უნდა იყოს უზრუნველყოფილი, პროტესტის ორგანიზატორებმა პასუხი აგონ.

ამასთან, დინომ ბრაზილიის კონგრესის შტურმი დონალდ ტრამპის მომხრეების მიერ კაპიტოლიუმის შტურმს შეადარა.

ყოფილი პრეზიდენტის, ჟაირ ბოლსონარუს მხარდამჭერები ჯერ – ქვეყნის პარლამენტის, შემდეგ კი უზენაესი სასამართლოს შენობასა და პრეზიდენტის სასახლეში შეიჭრნენ.

ჟაირ ბოლსონარუ ლუის ინასიო ლულა და სილვასთან არჩევნებში ოქტომბერში დამარცხდა, თუმცა ბოლსონარუს მომხრეთა ნაწილი არჩევნების შედეგების აღიარებაზე უარს აცხადებს.