ბრაზილიის ქალაქებში პრეზიდენტის საწინააღმდეგო აქციები გაიმართა
ბრაზილიის ქალაქებში პრეზიდენტის საწინააღმდეგო აქციები გაიმართა

ბრაზილიაში პრეზიდენტის საწინააღმდეგო აქციები გაიმართა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, პრეზიდენტ ჟაირ ბოლსონარუს საწინააღმდეგო დემონსტრაციები ქვეყნის 16 ქალაქში გაიმართა. აქციის მონაწილეები ჟაირ ბოლსონარუს მიერ კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ გატარებული ზომების გასაპროტესტებლად გამოვიდნენ და პრეზიდენტის იმპიჩმენტი მოითხოვეს.

ბრაზილიის დედაქალაქ ბრაზილიასა და რიო დე ჟანეიროში გამართული აქციები, რომელშიც მემარცხენე პოლიტიკური პარტიები, პროფკავშირები და სტუდენტური გაერთიანებები მონაწილეობდნენ, მშვიდობიან ხასიათს ატარებდა. ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ რესიფეში კი, პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიების გამოიყენა.

ზოგიერთ ქალაქში დემონსტრანტებს ყოფილი მემარცხენე პრეზიდენტის, ლუის ინასიო ლულა და სილვას გამოსახულებით ნიღბები ეკეთათ, რომელიც ასევე ყოფილ პრეზიდენტ ფერნანდო კარდოზოსთან ერთად ბოლსონარუს მთავარი მოწინააღმდეგეა.

ჟაირ ბოლსონარუს პოპულარობა კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის შემდეგ დაეცა, რომლის შედეგადაც 450 ათასზე მეტი ბრაზილიელი გარდაიცვალა. მოქმედი პრეზიდენტის მოწინააღმდეგეები აცხადებენ, რომ მემარჯვენე ლიდერმა ჯეროვნად არ შეაფასა ვირუსის სერიოზულობა, უარი თქვა ნიღბების ტარებაზე და ეჭვქვეშ დააყენა ვაქცინის გამოყენების მნიშვნელობა.