ბრაზილიის ქალაქ პეტროპოლისში წყალდიდობისა და მეწყერის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 117-მდე გაიზარდა
ბრაზილიის ქალაქ პეტროპოლისში წყალდიდობისა და მეწყერის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 117-მდე გაიზარდა

ბრაზილიის ქალაქ პეტროპოლისში წყალდიდობისა და მეწყერის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 117-მდე გაიზარდა. როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, მოსალოდნელია მსხვერპლთა რიცხვის კიდევ ზრდა.

ძლიერი წვიმა მეწყერის შემდეგ სამძებრო სამუშაოებს აფერხებს. პოლიციის ინფორმაციით, დაკარგულია 100-ზე მეტი ადამიანი, პროკურატურა კი 35 დაკარგულის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სამძებრო-სამაშველო ოპერაციაში მაშველებთან ერთად მოხალისეებიც მონაწილეობენ.

700-ზე მეტ ადამიანს საცხოვრებელი სახლების მიტოვება და სკოლებში მოწყობილ დროებით თავშესაფრებში გადასვლა მოუწია.

რიო დე ჟანეიროს შტატში მდებარე ქალაქ პეტროპოლისში სამშაბათს მოსულმა უხვმა ნალექმა რამდენიმე ადგილას მეწყერი გამოიწვია, რის შედეგადაც განადგურდა საცხოვრებელი სახლები, ავტომობილები.

პრეზიდენტმა ჟაირ ბოლსონარუმ განაცხადა, რომ სტიქიის შედეგად დაზარალებულ რეგიონს რუსეთსა და უნგრეთში ოფიციალური ვიზიტებიდან დაბრუნების შემდეგ ეწვევა. მან დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად და რაიონის აღსადგენად ფედერალური დახმარების გამოყოფის პირობა დადო.