ბრაზილიის პრეზიდენტი - დონალდ ტრამპთან არანაირი ურთიერთობა არ მაქვს, ის არ არის მსოფლიოს იმპერატორი
დონალდ ტრამპთან არანაირი ურთიერთობა არ მაქვს, ის არ არის მსოფლიოს იმპერატორი, – ამის შესახებ ბრაზილიის პრეზიდენტმა, ლუის ინასიო ლულა და სილვამ „ბიბისისთან“ ინტერვიუში განაცხადა.
ლულა და სილვას თქმით, აშშ-ის მიერ დაწესებული ტარიფების შესახებ ბრაზილიური გაზეთებიდან შეიტყო.
„ამერიკელი ხალხი გადაიხდის იმ შეცდომებისთვის, რომლებსაც პრეზიდენტი ტრამპი ბრაზილიასთან ურთიერთობაში უშვებს“, – განაცხადა ლულა და სილვამ.
ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ არ სცადა უბრალოდ ტელეფონის აღება და დარეკვა ან ურთიერთობის დამყარება, ბრაზილიის პრეზიდენტმა უპასუხა: „მე ეს არასდროს მიცდია, რადგან მას არასდროს სურდა საუბარი“.
ტრამპზე საუბრისას ბრაზილიის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი „ცივილიზებული ფორმით არ ურთიერთობს, მან უბრალოდ გამოაქვეყნა ტარიფები თავის პორტალზე – სოციალურ მედიაში“.
ჟურნალისტის კითხვაზე, თუ როგორ აღწერდა თავის ურთიერთობას აშშ-ის პრეზიდენტთან, მან უბრალოდ უპასუხა, რომ „ურთიერთობა არ არსებობს“. ლულამ თქვა, რომ აშშ-ის პრეზიდენტთან მისი ცუდი ურთიერთობები გამონაკლისი იყო და აღნიშნა, რომ მას კარგი ურთიერთობა ჰქონდა აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტებთან, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრებთან, ევროკავშირთან, ჩინეთთან, უკრაინასთან, ვენესუელასთან და „მსოფლიოს ყველა ქვეყანასთან“.
„ტრამპი, შეიძლება, იყოს აშშ-ის პრეზიდენტი, მაგრამ ის არ არის მსოფლიოს იმპერატორი!“ – აღნიშნა ბრაზილიის პრეზიდენტმა.
ბრაზილიის მიერ რუსული ნავთობის შესყიდვების შესახებ კითხვაზე ლულა და სილვამ განაცხადა, რომ „ბრაზილია იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც დაგმო რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპაცია“.
„ბრაზილია არ აფინანსებს რუსეთს, ჩვენ ვყიდულობთ ნავთობს რუსეთისგან, რადგან გვჭირდება ნავთობის ყიდვა, ისევე როგორც ჩინეთს, ინდოეთს, დიდ ბრიტანეთს ან აშშ-ს სჭირდება ნავთობის ყიდვა“,- აღნიშნა ბრაზილიის პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, 31 ივლისს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ბრაზილიისთვის დამატებით 40%-იანი ტარიფის დაწესების შესახებ აღმასრულებელ ბრძანებას მოაწერა ხელი. აღნიშნული გადაწყვეტილებით ბრაზილიისთვის დაწესებული ტარიფების საერთო რაოდენობა 50%-მდე გაიზარდა.