ბრაზილიის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ტრამპთან დიალოგისთვის მზად არის - ორი სახელმწიფოს პოლიტიკაში არცერთის ნება არ უნდა ჭარბობდეს, ჩვენ ყოველთვის გვჭირდება შუალედური პოზიციის პოვნა
ბრაზილიის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ტრამპთან დიალოგისთვის მზად არის - ორი სახელმწიფოს პოლიტიკაში არცერთის ნება არ უნდა ჭარბობდეს, ჩვენ ყოველთვის გვჭირდება შუალედური პოზიციის პოვნა

ბრაზილიის პრეზიდენტმა, ლუის ინასიუ ლულა და სილვამ მკაცრად უარყო აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მოთხოვნები ბრაზილიის მიმართ, თუმცა განაცხადა, რომ დიალოგისთვის მზად არის.

მიმდინარე თვეში ტრამპმა ბრაზილიის იმპორტზე 50-პროცენტიანი ტარიფების დაწესებით დაიმუქრა.

ლულას თქმით, ბრაზილია არ დაუშვებს, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა მასზე ზეწოლა მოახდინოს.

პირველ აგვისტოს ტარიფებისთვის დაწესებული ვადა იწურება, თუმცა პრეზიდენტებს ამ დრომდე არ უსაუბრიათ.

თავად ლულა და სილვა აცხადებს, რომ აშშ-ის ხელისუფლებასთან საუბრის შესაძლებლობა არ აქვს, რადგან საუბრის სურვილი არ არსებობს მეორე მხარისგან.

კითხვაზე, ეშინია თუ არა, რომ მისი მხრიდან ტრამპის ღია კრიტიკამ, შესაძლოა, ვითარება გააუარესოს, ლულა და ლილვამ უპასუხა:

„არა. შიშის საფუძველი არ არსებობს. ცხადია, ვნერვიულობ, რადგან ჩვენ გვაქვს ეკონომიკური, პოლიტიკური, ტექნოლოგიური ინტერესები, მაგრამ ბრაზილია არცერთ მომენტში არ აწარმოებს მოლაპარაკებებს ისე, თითქოს პატარა ქვეყანა იყოს დიდი ქვეყნის წინააღმდეგ. ბრაზილია მოლაპარაკებებს აწარმოებს, როგორც სუვერენული ქვეყანა. ორ სახელმწიფოს შორის პოლიტიკაში არცერთის ნება არ უნდა ჭარბობდეს. ჩვენ ყოველთვის გვჭირდება შუალედური პოზიციის პოვნა. ეს მიიღწევა არა მკერდის გამოზნექით და იმის ყვირილით, რისი შესრულებაც არ შეგიძლია, არც თავის დახრით და უბრალოდ ამინ-ის თქმით ნებისმიერ რამეზე, რაც შეერთებულ შტატებს სურს.

ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, პრეზიდენტმა ტრამპმა გაითვალისწინოს შემდეგი: მას თუ პოლიტიკური ბრძოლა სურს, მაშინ ეს პოლიტიკურ ბრძოლად განვიხილოთ. მას თუ ვაჭრობაზე საუბარი სურს, დავსხდეთ და ვაჭრობაზე ვისაუბროთ, მაგრამ ყველაფრის ერთმანეთში არევა შეუძლებელია. მე არ შემიძლია, უბრალოდ ტრამპს წერილი გავუგზავნო და ვთქვა: „მისმინე, ტრამპ, ბრაზილია ამას და ამას არ გააკეთებს, თუ შენ ამას და ამას კუბასთან არ გააკეთებ“. მე ამის გაკეთება არ შემიძლია – შეერთებული შტატების, დიპლომატიისა და თითოეული ერის სუვერენიტეტის პატივისცემის გამო“, – განაცხადა ბრაზილიის პრეზიდენტმა.