ბრაზილიის ეროვნულ მუზეუმში აცხადებენ, რომ ხანძრის შედეგად ექსპონატების 10 პროცენტი გადარჩა
ბრაზილიის ეროვნულ მუზეუმში აცხადებენ, რომ ხანძრის შედეგად ექსპონატების 10 პროცენტი გადარჩა

ბრაზილიის ეროვნული მუზეუმის დირექტორის მოადგილე კრისტინე სერეჟუ აცხადებს, რომ ხანძრის შედეგად სავარაუდოდ, ექსპონატების 10 პროცენტი გადარჩა, – ამის შესახებ მუზეუმის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

სერეჟუმ ასევე აღნიშნა, რომ შენობაში არ ამოქმედდა კვამლის დეტექტორი.

ბრაზილიის ეროვნული მუზეუმი, რომელიც ქვეყნის უძველესი სამეცნიერო დაწესებულებაა, ძლიერი ხანძრის შედეგად 2 სექტემბერს დაიწვა. მუზეუმში 20 მილიონი ექსპონატი ინახებოდა.
მუზეუმში წარმოდგენილი იყო სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკაში აღმოჩენილი ცხოველების, მინერალების, მუმიების, ინდიელთა ნივთების უმსხვილესი კოლექცია.

ექსპოზიცია მოიცავდა მეცნიერებისთვის უმნიშვნელოვანეს აღმოჩენებს, მათ შორის დინოზავრის ძვლებს, ასევე 12 ათასი წლით დათარიღებულ ადამიანის ნეშტს. კოლექციაში უძველესი ეგვიპტის კულტურის, ასევე ანტიკური საბერძნეთისა და რომის არტეფაქტებიც შედიოდა.

ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად რომელი ექსპონატები გადაურჩა ცეცხლს.

ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ცეცხლის გაჩენის მიზეზი ამ დრომდე დაუდგენელია.

მუზეუმს, რომლის შენობა ერთ დროს პორტუგალიის სამეფო ოჯახის რეზიდენციას წარმოადგენდა, წელს 200 წელი შეუსრულდებოდა. აღსანიშნავია, რომ მუზეუმის თანამშრომლები ხშირად საუბრობდნენ დაფინანსების შემცირებასა და შენობის რესტავრაციის საჭიროებაზე.