ბრაზილიის ექსპრეზიდენტი ლუის ინასიუ ლულა და სილვა პოლიციას ჩაბარდა. ის სან პაულოს პოლიციაში მიიყვანეს. კადრები ტელეკომპანია Globo-მ გაავრცელა.
პოლიციის შენობასთან იმყოფებოდნენ ექსპრეზიდენტის მომხრეები და მოწინააღმდეგეები. ზოგიერთი დემონსტრანტი და სილვას დაპატიმრებას შამპანურის სმით აღნიშნავდა.
როგორც ჟურნალისტები იტყობინებიან, პოლიციის განყოფილებაში ბრაზილიის ყოფილ ლიდერს სამედიცინო შემოწმება უტარდება. ამის შემდეგ კი მას ვერტმფრენით ციხეში გადაიყვანენ. ის სასჯელს ქალაქ კურუტიბაში მოიხდის.
ლულა და სილვა ბრაზილიის ისტორიაში პირველი პრეზიდენტია, რომელიც საპატიმროში მოხვდა.
სასამართლომ მას 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მას კორუფციაში დასდეს ბრალი. კერძოდ, გამოძიებამ დაადგინა, რომ მან ქრთამის სახით 1,1 მილიონ დოლარად შეფსაებული ბინა მიიღო. ინასიუ ლულა და სილვა წელს, ოქტომბერში ბრაზილიაში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში ფავორიტი იყო, თუმცა კანონით მას არჩევითი თანამდებობის დაკავება სამუდამოდ აეკრძალა. თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილება მისი არჩევნებიდან მოხსნის შესახებ სასამართლომ უნდა მიიღოს.
ლულა და სილვა ბრაზილიის პრეზიდენტის თანამდებობას 2003-2011 წლებში იკავებდა. ის დღემდე პოპულარობით სარგებლობს ბრაზილიაში.