ბრაზილიელი მეტეოროლოგები - წვიმა ამაზონის ტყეში ხანძრის ჩაქრობას რამდენიმე კვირა ვერ შეძლებს
ბრაზილიელი მეტეოროლოგები - წვიმა ამაზონის ტყეში ხანძრის ჩაქრობას რამდენიმე კვირა ვერ შეძლებს

ბრაზილიელი მეტეოროლოგების თქმით, წვიმა ამაზონის ტყეში ხანძრების ჩაქრობას რამდენიმე კვირა ვერ შეძლებს. როგორც სინოპტიკოსები აცხადებენ, წვიმების სეზონი ბრაზილიაში სექტემბრის ბოლოს იწყება, თუმცა მათი მონაცემები ცხადყოფს, რომ ნალექი მოსალოდნელია იმ რეგიონებში, სადაც ხანძარი არ არის. პროგნოზის მიხედვით, წვიმა ამაზონის ტყეების რამდენიმე იზოლირებულ რაიონშია ნავარაუდები, რაც მასშტაბური ხანძრების ჩასაქრობად საკმარისი არ არის.

შეგახსენებთ, რომ ამაზონის ტყეში ხანძრის ჩასაქრობად ბრაზილიის ხელისუფლებამ სამხედროები გააგზავნა. წელს ამაზონის რეგიონში რეკორდული რაოდენობით ცეცხლის კერა აღრიცხეს. ცეცხლმა უკვე გაანადგურა 1,08 მილიონი ჰექტარი ტყის მასივი, რასაც საერთაშორისო საზოგადოების მწვავე რეაქცია მოჰყვა. მსოფლიო ლიდერებმა ბრაზილიის მთავრობა უმოქმედობაში დაადანაშაულეს.