ბრაზილიელი ლეგიონერი - საქართველოში თავიდან ძალიან გამიჭირდა #1TVSPORT
ბრაზილიელი ლეგიონერი - საქართველოში თავიდან ძალიან გამიჭირდა #1TVSPORT

წყალტუბოს „სამგურალის“ ფეხბურთელმა, ფერნანდო ბულიმ მოსამზადებელ ეტაპსა და საქართველოში გატარებულ პერიოდზე ისაუბრა.

„მიხარია, რომ წელსაც წყალტუბოს „სამგურალის“ ღირსებას დავიცავ. ისეთი გუნდი გვყავს, რომელსაც მაღალი ადგილებითვის ბრძოლა შეუძლია. ეს გუნდმა გასულ სეზონშიც დაამტკიცა. იმედი მაქვს, რომ წლევანდელი ჩემპიონატი შარშანდელზე გაცილებით წარმატებული იქნება. ჩვენ ამისთვის ყველა პირობა გვაქვს.

ახალი ფეხბურთელები შემოგვიერთდნენ, რომლებიც გუნდს კარგად შეეწყვნენ და ამხანაგურ შეხვედრებში თავიანთი შესაძლებლობები გამოავლინეს, შეკრებამდე დაგვემატა ჩემი თანამემამულე ჟოან როდრიგეში, რომელმაც ყაზახურ „ჟენისთან“ ამხანაგურ მატჩში ბურთის გატანა მოახერხა. სასიამოვნოა, რომ შეკრებაზე ორივე შეხვედრაში გავიმარჯვეთ, თანაც საკმაოდ ძლიერ მეტოქეებთან.

საქართველოში რომ ჩამოვედი, თავიდან ძალიან გამიჭირდა, მე რიო დე ჟაინეროდან ვარ და აქაური კლიმატი ჩემთვის რთული აღმოჩნდა. ამას ენის ბარიერიც დაემატა და ადაპტაცია რთული იყო, მაგრამ ახლა ყველაფერი რიგზეა – ქართულიც მესმის და ცოტა ინგლისურიც ვისწავლე. ურთიერთობაც არ მიჭირს და რაც მთავარია, გუნდში კარგად მიმიღეს და გულშემატკივრებისგანაც დიდ სითბოს ვგრძნობ. იმედია, სამომავლოდაც ასეთი დამოკიდებულება იქნება“, – ამბობს ფერნანდო ბული.

ფერნანდო ბული ბრაზილიელი მცველია, რომელიც წყალტუბოს „სამგურალში“ 2023 წელს ჩაირიცხა – 23 წლის სამხრეთამერიკელმა ფეხბურთელმა გუნდის ფორმით ეროვნულ ლიგაში 27 მატჩი ჩაატარა.