ბრაზილიაში საპენსიო რეფორმის პროექტის პირველი მოსმენით დამტკიცებას საპროტესტო აქცია მოჰყვა
ბრაზილიაში საპენსიო რეფორმის პროექტის პირველი მოსმენით დამტკიცებას საპროტესტო აქცია მოჰყვა

ბრაზილიის კონგრესის ქვედა პალატამ საპენსიო რეფორმის პროექტი პირველი მოსმენით დაამტკიცა. კანონპროექტს 379 კანონმდებელმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგ 131-მა მისცა ხმა. 11 ივლისიდან პარლამენტის წევრები დოკუმენტში შესატან შესწორებებს განიხილავენ.

როგორც მოსალოდნელია, ქვედა პალატაში საბოლოო კენჭისყრა მიმდინარე კვირის ბოლოს გაიმართება, რის შემდეგაც დოკუმენტი ბრაზილიის სენატს გადაეცემა.

ბრაზილის ქვედა პალატის მიერ რეფორმის პროექტის პირველი მოსმენით დამტკიცებას საპროტესტო გამოსვლა მოჰყვა.

საპენსიო რეფორმა მემარჯვენე პრეზიდენტის ჟაირ ბოლსონარუს ეკონომიკური პროგრამის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელია. ხელისუფლება საბიუჯეტო დეფიციტის აღმოფხვრას ცდილობს. მთავრობის გათვლით, საპენსიო რეფორმის გატარებით, უახლოესი ათი წლის განმავლობაში დაახლოებით 250 მილიარდი დოლარის დაზოგვას შეძლებს.

საკანონმდებლო ინიციატივა საპენსიო ასაკის გაზრდას, პენსიონერთა გარკვეული კატეგორიისთვის შეღავათების შემცირებასა და საპენსიო შენატანის გაზრდას ითვალისწინებს.

კერძოდ, ბრაზილიაში საპენსიო ასაკის მამაკაცებისთვის 65, ქალებისთვის კი 62 წლამდე გაზრდა იგეგმება, როდესაც ამჟამად საშუალო საპენსიო ასაკი 55 წელია.

როგორც „ბიბისი“ აღნიშნავს, ბრაზილიაში საპენსიო რეფორმის გატარება წინა მთავრობებმაც სცადეს, თუმცა წარუმატებლად.

გამოცემა „უოლ სთრით ჟოურნალი“ ეკონომიკის სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ ბრაზილიის ფედერალური მთავრობა ბიუჯეტის 45%-ს პენსიებზე ხარჯავს და მხოლოდ 2,8% ხმარდება საჯარო სკოლებს, საავადმყოფოებს, გზებს, პოლიციას.