ბრაზილიაში ქვეყნის ყველა დროის საუკეთესო მწვრთნელი გამოავლინეს #1TVSPORT
ბრაზილიაში ქვეყნის ყველა დროის საუკეთესო მწვრთნელი გამოავლინეს #1TVSPORT

წამყვანმა ბრაზილიურმა გამოცემა Globo-მ ჩაატარა გამოკითხვა, რომლის მიზანი იყო ბრაზილიის ისტორიაში საუკეთესო საფეხბურთო მწვრთნელის გამოვლენა. სულ გამოიკითხა 100 ტექნიკური სპეციალისტი და 103 მოქმედი და ყოფილი მწვრთნელი. მათ უნდა დაესახელებინათ სამი საუკეთესო მწვრთნელი. ხმების დათვლისას პირველი ადგილის მფლობელს ენიჭებოდა სამი ქულა, მეორეადგილოსანს – ორი ქულა და მესამეადგილოსანს – ერთი ქულა. ასევე შესაძლებელი იყო ბრაზილიაში მომუშავე უცხოელი სპეციალისტებისთვის ხმის მიცემა.

გამოკითხვის გამარჯვებული გახდა ტელე სანტანა (158 ქულა), რომელიც ბრაზილიის ნაკრებს მსოფლიოს 1982 და 1986 წლების ჩემპიონატებზე ხელმძღვანელობდა. პირველ შემთხვევაში ბრაზილია მეორე ჯგუფური ეტაპიდან გამოეთიშა ბრძოლას, ოთხი წლის შემდეგ კი მეოთხედფინალში წააგო საფრანგეთთან. ამ წარუმატებლობების მიუხედავად, ტელე სანტანას ბრაზილიამ გულშემატკივრები სანახაობრივი თამაშით მოხიბლა.

მეორე ადგილზე აღმოჩნდა მარიო ზაგალო (146 ქულა) – ერთადერთი ადამიანი, რომელიც ოთხჯერ იყო მსოფლიოს ჩემპიონი: ორჯერ ფეხბურთელის რანგში (1958, 1962), შემდეგ როგორც მთავარი მწვრთნელი (1970) და მთავარი მწვრთნელის ასისტენტი (1994).

მესამე ადგილზე გავიდა ლუს ფელიპე სკოლარი (53 ქულა), რომელმაც 2002 წელს ბრაზილია მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულამდე მიიყვანა.