ბრაზილიაში კორონავირუსისგან მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი გამოჯანმრთელდა
ბრაზილიაში მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი, 99 წლის მამაკაცი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
ერმანდო არმელინო პივეტა ერთი კვირის წინ მოხვდა საავადმყოფოში, 14 აპრილს კი, ის გაწერეს. ექიმები აცხადებენ, რომ ის „კოვიდ-19“-ისგან სრულად განიკურნა.
აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად ვეტერანი ბრაზილიელი სახლში მკურნალობდა, თუმცა ვირუსის სიმპტომების გამწვევების გამო საავადმყოფოში გადაიყვანეს.
როგორც საავადმყოფოში ყვებიან, ვეტერანი მაშინვე ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში დააწვინეს, თუმცა ხელოვნური სუნთქვის აპარატი მას არ დასჭირვებია.
სამედიცინო პერსონალმა გამოჯანმრთელებული ბრაზილიელი საავადმყოფოდან აპროდისმენტების ფონზე გააცილა.
ბრაზილიაში „კოვიდ-19“ სულ 25 000-ზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 1 500-ზე მეტი.