ბრაზილიაში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა ათ მილიონს გადააჭარბა
ბრაზილიაში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა ათ მილიონს გადააჭარბა

ბრაზილიაში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ 10 მილიონს გადააჭარბა. ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში „კოვიდ-19“ დაუდასტურდა 51 879 ადამიანს.

პანდემიის განმავლობაში ბრაზილიაში „კოვიდ-19“-ს 243 457 ადამიანი ემსხვერპლა.

ეპიდემიოლოგები აცხადებენ, რომ ინფიცირებულთა რეალური მაჩვენებელი სავარაუდოდ რეგისტრირებულზე გაცილებით მაღალია. ამასთან, ამაზონში მდებარე ქალაქ მანაუსში აღმოჩენილი კორონავირუსის ახალი „ბრაზილიური“ შტამის გამო ექსპერტები ქვეყანაში ვითარების გაუარესებას არ გამორიცხავენ.

ახალი შტამი, რომელიც უფრო მეტად გადამდებად მიიჩნევა, უკვე გამოვლენილია ბრაზილიის ექვს შტატში, მათ შორის რიო-დე-ჟანეიროში.

როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, წლის ბოლომდე მთელი მოსახლეობის ვაქცინირების დაპირების მიუხედავად, ჯანდაცვის სამინისრომ ამ დროისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მხოლოდ 11,8 მილიონი დოზის მიწოდება უზრუნველყო. ბრაზილიაში მხოლოდ რისკ-ჯგუფების წარმომადგენელთა ვაქცინაციისთვის საჭიროა 104,2 მილიონი დოზა. 17 თებერვალს ჯანდაცვის მინისტრმა, ედუარდო პაზუელომ განაცხადა, რომ თვის ბოლომდე ხელმისაწვდომი იქნება ვაქცინის კიდევ 11,3 მილიონი დოზა, მათ შორის „ასტრაზენეკას“ ვაქცინის ორი მილიონი დოზა.