ბრაზილიას არგენტინასთან ჩაშლილი მატჩის გადათამაშება არ სურს #1TVSPORT
ბრაზილიის ნაკრებს არ აქვს სურვილი მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის შეწყვეტილი მატჩი გადაითამაშოს არგენტინის ნაკრების წინააღმდეგ.
ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციის პრეზიდენტმა ედნალდო როდრიგესმა განაცხადა, რომ ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო ჯგუფი ტიტეს ხელმძღვანელობით ეწინააღმდეგება ამ შეხვედრის გამართვას, რადგან არსებობს ტრავმებისა და დისკვალიფიკაციების რისკი. ასევე შესაძლებელია ბოიკოტი არგენტინელთა მხრიდან.
„ჩვენ მივმართავთ ფიფა-ს, რათა ეს მატჩი არ გაიმართოს. ყველა ღონეს ვიხმარ იმისთვის, რომ დავაკმაყოფილო ჩვენი სამწვრთნელო გუნდის თხოვნა“, – განაცხადა როდრიგესმა.
შეგახსენებთ, რომ გასული წლის 5 სექტემბერს ბრაზილიის და არგენტინის შესარჩევი მატჩი მეოთხე წუთზე შეწყდა, რადგან ბრაზილიის მთავრობამ მიიჩნია, რომ არგენტინის ნაკრების ოთხი ფეხბურთელი ქვეყანაში კორონავირუსის რეგლამენტის დარღვევით მოხვდა.
ორივე გუნდმა დაუმარცხებლად გაიარა მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი და სატურნირო მდგომარეობის მხრივ, შეხვედრას ფორმალური ხასიათი აქვს. ამა წლის მაისში ფიფა-ს სააპელაციო კომიტეტმა დაადგინა, რომ შეხვედრა მაინც უნდა გადათამაშდეს.