ბრაზილიამ მოსკოვში რუსეთი გაანადგურა
ბრაზილიამ მოსკოვში რუსეთი გაანადგურა

მოსკოვში, „ლუჟნიკების“ სტადიონზე მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის მასპინძელ რუსეთსა და ერთ-ერთ მთავარ ფავორიტ ბრაზილიას შორის ამხანაგური მატჩი გაიმართა.

პირველ ტაიმში რუსებმა მეკარე აკინფეევის წყალობით მეტოქის შეტევებს გაუძლეს, მაგრამ მეორე ნახევარში სამი გოლი გაუშვეს და 0:3 წააგეს.

53-ე წუთზე მირანდამ გახსნა ანგარიში – მან აკინფეევის მოგერიებულს დაამატა. 62-ე წუთზე ფილიპე კოუტინიომ პაულინიოს წაქცევისთვის დანიშნული პენალტი გამოიყენა, ხოლო დიდი ანგარიში იმავე პაულინიომ 66-ე წუთზე დააფიქსირა, როცა ვილიანის პასით თავით გაიტანა ცარიელ კარში.

ბრაზილიამ ასეთი შემადგენლობით ითამაშა:
ალისონი, დანი ალვეში (ფაგნერი, 83), მირანდა (ჟერომელი, 86), ტიაგო სილვა, მარსელო, კაზემირო, პაულინიო (პენატო აუგუსტო, 71), ფილიპე კოუტინიო (ფრედი, 79), ვილიანი (ტაისონი, 79), გაბრიელ ჟესუსი (რობერტო ფირმინო, 65), დუგლას კოშტა.