მუნდიალის მთავარმა ფავორიტმა ბრაზილიის ნაკრებმა 2018 წელს ზედიზედ მეოთხე ამხანაგური მატჩი მოიგო, თან ისე, რომ არც ერთი გოლი არ გაუშვია.
ამჯერად, ტიტეს შეგირდებმა ვენაში 3:0 გაანადგურეს ავსტრია, რომელმაც, მანამდე, მსოფლიოს ჩემპიონ გერმანიას მოუგო.
ბრაზილიელთა რიგებში ძირითად შემადგენლობაში იყო ნეიმარი, რომელმაც 63-ე წუთზე გაიტანა. შეგახსენებთ, რომ „პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდმა რამდენიმე დღის წინ, ხორვატიასაც გაუტანა. ეს თებერვლის შემდეგ, მისი პირველი მატჩი იყო.
ნეიმარამდე ავსტრიის კარში 36-ე წუთზე გაბრიელ ჟესუსმა გაიტანა, შეხვედრას კი 68-ე წუთზე წერტილი ფილიპე კოუტინიომ დაუსვა.
2018 წელს, ბრაზილიამ ასევე – რუსეთს (3:0), გერმანიასა (1:0) და ხორვატიას (2:0) მოუგო.
ავსტრიასთან ბრაზილიის ნაკრების შემადგენლობა:
ალისონი, დანილო, ტიაგო სილვა (მარკინიოსი, 60), მირანდა, მარსელო (ფილიპე ლუიში, 67), კაზემირო (ფერნანდინიო, 60), პაულინიო, ფილიპო კოუტინიო (ტაისონი, 76), ვილიანი, გაბრიელ ჟესუსი (რობერტო ფირმინო, 67), ნეიმარი (დუგლას კოშტა, 84).