ბრაზილია კორონავირუსის წინააღმდეგ ეროვნული იმუნიზაციის პროგრამის ფარგლებში, ჩინური წარმოების ვაქცინის გამოყენებას გეგმავს
ბრაზილია კორონავირუსის წინააღმდეგ ეროვნული იმუნიზაციის პროგრამის ფარგლებში, ჩინური წარმოების ვაქცინის გამოყენებას გეგმავს

ბრაზილია კორონავირუსის წინააღმდეგ ეროვნული იმუნიზაციის პროგრამის ფარგლებში, ჩინური წარმოების ვაქცინის გამოყენებას გეგმავს. შესაბამის ინფორმაციას „ბიბისი“ სან-პაულუს გუბერნატორ ჟოაო დორიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

გუბერნატორის განცხადებით, ფედერალური მთავრობა შეთანხმდა ვაქცინის 46 მილიონი დოზის შეძენაზე. საუბარია ჩინური კომპანია „სინოვაკის“ მიერ შემუშავებულ ვაქცინაზე, სახელწოდებით CoronaVac.

იმუნიზაციის პროგრამა შესაძლოა, 2021 წლის იანვარში დაიწყოს. გარდა ამისა, ბრაზილია ასევე გეგმავს, ეროვნული იმუნიზაციის პროგრამაში ოქსფორდის უნივერსიტეტისა და ფარმაცევტული კომპანია „ასტრაზენეკას“ მიერ შემუშავებული ვაქცინა ჩართოს.

ბრაზილია კორონავირუსის პანდემიის შედეგად ერთ-ერთი ყველაზე დაზარალებული ქვეყანაა მსოფლიოში. პანდემიის დასაწყისიდან დღემდე, ბრაზილიაში „კოვიდ-19“-ის ხუთი მილიონ 300 ათასამდე შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის 154 837 პაციენტი გარდაიცვალა.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, გარდაცვლილთა რაოდენობის მიხედვით, ბრაზილია აშშ-ის შემდეგ მსოფლიოში მეორე ადგილზეა. ასევე, ქვეყანა ინფიცირების შემთხვევების რაოდენობით აშშ-ისა და ინდოეთის შემდეგ მესამე ადგილზეა.