ბრაზილია კოპა ამერიკაზე თეთრი ფორმით ითამაშებს, რომელიც 1950 წლის შემდეგ არ გამოუყენებია
ბრაზილია კოპა ამერიკაზე თეთრი ფორმით ითამაშებს, რომელიც 1950 წლის შემდეგ არ გამოუყენებია

ზაფხულში, ბრაზილიაში კოპა ამერიკა ჩატარდება. რამდენიმე კვირის წინ, ინტერნეტში გაჩნდა მასპინძელთა სათამაშო ფორმის პირველი ფოტოები. ბრაზილიის საშინაო მაისურა ტრადიციული იქნება – ყვითელ-მწვანე, ხოლო გასვლითი ფორმა – არა ლურჯი, არამედ… თეთრი.

ბრაზილიელებს თეთრებში უკვე 70 წელია არ უთამაშიათ. ბოლოს მათ ასეთი ფორმა მსოფლიოს 1950 წლის ჩემპიონატის გადამწყვეტ მატჩში გამოიყენეს. ტურნირს ბრაზილია მასპინძლობდა.

იმ წელს, ჩემპიონატი არ იმართებოდა ოლიმპიური სისტემით, არამედ, იყო ორი ჯგუფური ეტაპი. და ბრაზილიისთვის ტურნირის ბოლო მატჩში ფრეც საკმარისი იყო ურუგვაის წინააღმდეგ. ქვეყანაში ამ მატჩის მოგების შემდეგ, კარნავალი იგეგმებოდა: ყველაფერი მზად იყო ზეიმისთვის, სახელობითი მედლებიც კი ჰქონდათ დამზადებული. იმ დღეს, “მარაკანაზე” 199 ათასი მაყურებელი მივიდა – ეს დღემდე რეკორდია ფეხბურთში.

მაგრამ, ურუგვაიმ სენსაციურად 2:1 მოიგო და მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

არანაირი ზეიმი, სიტყვები, ჰიმნები, დასკვნითი ცერემონია არ ყოფილა. ყველაფერი დაავიწყდათ. ვიდექი, ხელში თასი მეჭირა, ბრბო კი ყველა მხრიდან მავიწროებდა. საბედნიეროდ, ურუგვაელთა კაპიტანი ვარელა თითქმის ჩემს გვერდით იდგა. მე ნაჩქარევად და ყველასთვის შეუმჩნევლად ჩამოვართვი ხელი და თასი გადავეცი ისე, რომ ერთი სიტყვაც არ მითქვამს. ყველაფერი გათვალისწინებული იყო, გარდა, ურუგვაის ტრიუმფისა“, – იხსენებდა ფიფას ყოფილი პრეზიდენტი ჟიულ რიმე.

ბრაზილია დეპრესიაში ჩავარდა. იმაზე მეტად განიცდიდნენ, ვიდრე 2014 წელს, გერმანელებისგან 1:7 მარცხს. ამბობდნენ, რომ მატჩის შემდეგ, გულშემატკივრებს შორის რამდენიმე თვითმკვლელობა იყო, იმ გუნდის თითქმის მთელს შემადგენლობას ნაკრებში აღარასოდეს იძახებდნენ. გაუშვეს მწვრთნელი და რადიოკომენტატორიც კი მატჩის შემდეგ, სამსახურიდან წავიდა.

გაზეთმა „კორეო და მანიამ“ (Correio da Manha) გამოაცხადა კონკურსი: შეემუშავებინათ ნაკრებისთვის ახალი ფორმა, რათა სამუდამოდ დაევიწყებინათ ის, რომლითაც ქვეყნის ისტორიაში მთავარი ტრაგედია მოხდა. გაიმარჯვა 15 წლის ალდირ შლეემ. სწორედ მან მოიფიქრა ფერთა შეხამება, რომლითაც დღეს ბრაზილიის ნაკრები ასოცირდება ყველასთვის: ყვითელ-მწვანე მაისურები და ცისფერი ტრუსები. ამ ფორმით, ბრაზილიამ მსოფლიოს ხუთი ჩემპიონატი მოიგო.

მას შემდეგ, ბრაზილიის ნაკრებმა „თეთრები“ ერთადერთხელ ჩაიცვა – 2004 წელს, ბრაზილიამ და საფრანგეთმა „სტად დე ფრანსზე“ ფიფას 100 წლის იუბილეს აღსანიშნავად ამხანაგური მატჩი ჩაატარეს. გუნდებმა რეტროფორმები ჩაიცვეს – რომლითაც ისტორიაში პირველი საერთაშორისო მატჩები გამართეს. შესვენებაზე კი თანამედროვე ფორმებზე გადავიდნენ.

ის მატჩი, სხვათა შორის, 0:0 დასრულდა.