ბრაიან მაკფიტერი – ვაგრძელებთ მუშაობას, რომ ამერიკა-საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებისთვის შესაძლებლობები შეიქმნას

13:35, 07.03.2018

აშშ გააგრძელებს მუშაობას, რომ ამერიკა-საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებისთვის შესაძლებლობები შეიქმნას, – ამის შესახებ ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის პირველმა მოადგილემ ბრაიან მაკფიტერმა სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის ეკონომიკის, ვაჭრობისა და ენერგეტიკის სამუშაო ჯგუფის  (EWG) შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, შეხვედრაზე განიხილეს საკითხი, რომელიც ეხებოდა საქართველოს ეკონომიკური პოტენციალის გაძლიერებას საავტორო უფლებების დაცვის კუთხით.

„პირველ რიგში, მინდა შესაძლებლობა გამოვიყენო და ჩვენს მასპინძლებს ასეთი საინტერესო და მრავლისმომცველი დიალოგისთვის მადლობა გადავუხადო. ძალიან ბევრ საკითხს შევეხეთ სასამართლო რეფორმიდან დაწყებული, მიწის პრივატიზაციის საკითხებით დამთავრებული. კერძოდ, განვიხილეთ საკითხი, რომელიც ეხებოდა საქართველოს ეკონომიკური პოტენციალის გაძლიერებას საავტორო უფლებების დაცვის კუთხით.  ჩვენ ასევე ვისაუბრეთ ანაკლიის პორტის საკითხთან დაკავშირებით, მეწარმეობასა და ინოვაციებზე, თუ რა შესაძლებობები და საშუალებები შეგვიძლია მივანიჭოთ ახალგაზრდებს, რომ ისინი ამ მიმართულებით განვითარდნენ. შეხვედრის მსვლელობისას ჩვენს პარტნიორებს ვურჩიეთ, რომ ამერიკასთან თავისუფალი ვაჭრობის საკითხზე ამერიკის სავაჭრო წარმომადგენელს მიმართონ. თუმცა ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას, რომ ამერიკასა და საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებისთვის შესაძლებლობები შეიქმნას“, – განაცხადა მაკფიტერმა.

საქართველო-ამერიკის სტრატეგიული ქარტიის ეკონომიკის, ვაჭრობის და ენერგეტიკის სამუშაო ჯგუფს ქართული მხრიდან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე თავმჯდომარეობდნენ, ხოლო ამერიკული მხრიდან სახელმწიფო მდივნის თანაშემწის პირველი მოადგილე ბრაიან მაკფიტერი, საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადმინისტრატორის თანაშემწე ბროკ ბირმანი და ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მმართველი დირექტორი კატერინა ნტეპი ხელმძღვანელობდნენ.

შეხვედრა სამ საათზე მეტხანს გაგრძელდა.

მსგავსი