ბოტანიკურ ბაღში მწვანე გამოფენა-გაყიდვა „გრიინ ექსპო 2019“ გაიმართა [ფოტო]
ბოტანიკურ ბაღში მწვანე გამოფენა-გაყიდვა „გრიინ ექსპო 2019“ გაიმართა [ფოტო]

ბოტანიკურ ბაღში მწვანე გამოფენა-გაყიდვა „გრიინ ექსპო 2019“ გაიმართა.

ღონისძიების მიზანი საქართველოში საბაღე კულტურის განვითარება და ამ სფეროში მოღვაწე ორგანიზაციების საქმიანობის ხელშეწყობაა.

გამოფენაში წარმატებული სანერგე კომპანიები და სანერგე სფეროსთან დაკავშირებული ორგანიზაციები მონაწილეობენ.

ორგანიზატორთა თქმით, მწვანე გამოფენა საბაღე პროდუქციის ერთ სივრცეში წარდგენის, კომპანიებისთვის პოტენციური მომხმარებლების მიზიდვისა და ბიზნესურთიერთობის გაღრმავების შესაძლებლობას იძლევა.

გამოფენაზე როგორც ბოტანიკური ბაღის, ასევე მონაწილე კომპანიების მიერ წარმოდგენილია საბაღე ექსპოზიციები, ნერგების მრავალფეროვნება, ღია გრუნტის მცენარეები, ტროპიკული მცენარეები, სუკულენტები, მწვანე არტი და ფლორისტული ნამუშევრები. მწვანე გამოფენა წელს მესამედ ტარდება.

ეროვნული ბოტანიკური ბაღის დირექტორის თამაზ დარჩიძის განცხადებით, წარმოდგენილმა ექსპოზიციამ დამთვალიერებლების მხრიდან მოწონება დაიმსახურა.

„მწვანე გამოფენის მიზანი მებაღეობის, საბაღე კულტურისა და თავად ბოტანიკური ბაღის პოპულარიზაციაა. წელს, გამოფენაზე 14-მდე ორგანიზაცია მონაწილეობდა, რომლებიც წარმოდგენილები იყვნენ საბაღე ექსპოზიციებით, კულტურული და ხეხილოვანი ნერგებით, სუკულენტებითა და საბაღე ინვენტარით. „გრიის ექსპო“ აერთიანებს ყველა იმ სეგმენტს, რაც დაკავშირებულია დეკორატიულ მებაღეობასთან. მწვანე გამოფენაზე იმ დეკორატიული ექსპოზიციით წარვსდექით, რომელიც ბოტანიკური ბაღის ვარდების კოლექციის განახლებას უკავშირდება. ექსპოზიციამ დამთვალიერებლების განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა“, – აღნიშნა თამაზ დარჩიძემ.

მისივე თქმით, ბოტანიკური ბაღის ვარდების საკოლექციო ნაკვეთის რეკონსტრუქცია მიმდინარე წელს დაიწყება და მომავალ წელს დასრულდება.

„ბოტანიკურ ბაღში, ახალი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებასთან ერთად, კვლავ გრძელდება საზოგადოებრივი ღონისძიებები-ფესტივალებისა და თემატური გამოფენების სახით.წელს, გარდა მწვანე გამოფენისა, გაიმართება ყვავილების ფესტივალი, ნაყინის ფესტივალი, პურის ფესტივალი, შოკოლადის ფესტივალი და სხვა ღონისძიებები, რომლებიც ემსახურება ბოტანიკური ბაღის პოპულარიზაციას, დამთვალიერებელთა მოზიდვას და რა თქმა უნდა, ჩვენი თანამოქალაქეებისთვის სასიამოვნო განწყობის შექმნას“, – განაცხადა ეროვნული ბოტანიკური ბაღის დირექტორმა.