ბოსტონში ქართული ღვინის ფორუმი გაიმართა
ბოსტონში ქართული ღვინის ფორუმი გაიმართა

აშშ-ში, ქალაქ ბოსტონში „ქართული ღვინის ფორუმი“ გაიმართა, რომლის ორგანიზატორები ამერიკა-საქართველოს ბიზნესსაბჭო, ღვინის ეროვნული სააგენტო და ასოციაცია „ქართული ღვინო“ იყვნენ.

ფორუმის სამდღიანი პროგრამა მოიცავდა „საფერავისა და ქვევრის ღვინის ფესტივალს“, „ქვევრის სიმპოზიუმს“ და „ქართული ღვინის დეგუსტაცია-სემინარს კომერციული პირებისთვის“.

ღვინის ეროვნული საააგენტოს ინფორმაციით, შარშანდელის მსგავსად, წელსაც „ქართული ღვინის ფორუმის“ მიმართ ინტერესი დიდი იყო როგორც სამეცნიერო წრეების, ისე ღვინის პროფესიონალებისა და მედიის წარმომადგენლების მხრიდან.

„ქვევრის სიმპოზიუმზე სხვა გამომსვლელებს შორის იყო პენსილვანიის უნივერსიტეტის პროფესორი პატრიკ მაკგოვერნი, რომლის ხელმძღვანელობით ჩატარებული კვლევების შედეგად დადასტურდა, რომ 8 ათასი წლის წინ, მსოფლიოში პირველი ღვინო სწორედ საქართველოს ტერიტორიაზე დაიწურა.

„ქვევრის სიმპოზიუმს“ აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დავით ბაქრაძე დაესწრო, რომელმაც შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა“, – აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფორუმის ფარგლებში ჩატარებულ საფერავისა და ქვევრის ღვინის კონკურსზე წარმოდგენილი იყო 20-მდე ქართველი მწარმოებლის პროდუქცია, ხოლო დასკვნით დღეს გამართულ ქართული ღვინის დეგუსტაციაზე სხვა ქართული ღვინოების გვერდით, იყო მიმდინარე წელს საქართველოში ჩატარებული ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული 30-მდე ღვინო.

ფორუმის მონაწილეების შეფასებით, მსგავს ფორმატში ქართული ღვინის წარდგენა მიანიშნებს, რომ საქართველოს მეღვინეობასთან არამხოლოდ 8000-წლიანი ისტორია აკავშირებს, არამედ თანამედროვე, განვითარებული ღვინის ინდუსტრია და საუკეთესო ხარისხის მრავალფეროვანი ღვინოები აქვს.

„აშშ წარმოადგენს ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზარს, სადაც ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ექსპორტის ზრდის ხელშეწყობის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით სხვადასხვა მნიშვნელოვანი ღონისძიება, მათ შორის, ქართული ღვინის ფორუმი იმართება. ამ ღონისძიებებმა შედეგად უკვე მოიტანა მეტი გაყიდვები და ექსპორტის ზრდა ამ უმნიშვნელოვანეს ბაზარზე“ – აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ.

მიმდინარე წლის ცხრა თვის მონაცემებით, საქართველოდან აშშ-ში ნახევარ მილიონზე მეტი ბოთლი ღვინოა ექსპორტირებული, რაც 60 პროცენტით აღემატება გასულის წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს.

დატოვე კომენტარი