ბოსნია-ჰერცეგოვინის ნაკრების მწვრთნელი - საქართველოს ვჯობდით, მაგრამ ერთხელ დაარტყეს და გაგვიტანეს #1TVSPORT
ბოსნია-ჰერცეგოვინის ნაკრების მწვრთნელი - საქართველოს ვჯობდით, მაგრამ ერთხელ დაარტყეს და გაგვიტანეს #1TVSPORT

ბოსნია-ჰერცეგოვინას ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ივაილო პეტევმა საქართველოსთან წაგების (0:1) შემდეგ პრესკონფერენცია გამართა და სინანული გამოთქვა, რომ მისი ხელმძღვანელობით გუნდი ზედიზედ მეოთხედ თამაშში დამარცხდა.

„ამ წაგების გამართლება არ შეიძლება. დღეს მეტოქეზე უკეთესები ვიყავით. მათ ერთხელ დაარტყეს და გაგვიტანეს. ჩვენი შეტევები კი სამწუხაროდ გოლით ვერ დავასრულეთ. ფეხბურთელებით უკმაყოფილო ვერ ვიქნები. მათ სურდათ მოგება და საამისოდ ყველაფერი გააკეთეს. უნდა ითქვას, რომ საქართველო თავს 11 მოთამაშით იცავდა. ასეთ დროს თავისუფალი ზონის პოვნა ადვილი არ არის. თამაშის ბედი ერთმა გოლმა გადაწყვიტა. დემიროვიჩისა და სტევანოვიჩის წყალობით ორი შესანიშნავი მომენტი გვქონდა. თუმცა, სამწუხაროდ, სასურველ შედეგს ვერ მივაღწიეთ.

მსგავსი რამ თამაშიდან თამაშამდე მეორდება. თუმცა, (საქართველოსთან) წაგება მაინც ყველაზე დიდი იმედგაცრუება იყო. ამის მიუხედავად, იმედი მაქვს და ყველანაირად ვეცდებით, ვითარება რაც შეიძლება მალე გამოვასწოროთ. რა არის ყველაზე დიდი პრობლემა? შედეგი. თუმცა, ჩვენ უნდა გავამხნევოთ ბიჭები, რადგან ვფიქრობ, არც ამ თამაშში ვიმსახურებდით წაგებას.

პირველ ტაიმში ერთი გოლი თამაშის ხასიათს შეცვლიდა. დარწმუნებულიც ვარ, 1:0-ზე არ გავჩერდებოდით. მაგრამ, სამწუხაროდ, ამის ნაცვლად წაგება მივიღეთ. თუმცა, ვიმეორებ, ჩვენ გავუშვით გოლი, მერე კი 30 მეტრზე ჩაკეტილ 11 მოთამაშეს წავაწყდით, რომელთა წინააღმდეგობის დაძლევაც იოლი არ იყო. ამის რეცეპტი კი პირველივე ტაიმში 1 ან 2 გოლის გატანაა.“